logo_geo
თეა ფირცხალავა: 1839 წლის 19 იანვარს ფრანგი მხატვარი პოლ სეზანი დაიბადა
- +

19 იანვარი. 2019. 17:35

 

 

1839 წლის 19 იანვარს დაიბადა უდიდესი ფრანგი მხატვარი პოლ სეზანი. მისი ხატვის სტილზე ტერმინების ფრქვევას ნამდვილად ვერ დავიწყებ, უბრალოდ, დილეტანტი ვარ და არც მე მესმის და ვერც თქვენ გაიგებთ, მაგრამ დავწერ იმას, რასაც მის ნამუშევრებზე ვფიქრობ... გეტყვით, რომ სეზანს მრავალი კომპლექსი და ფობია აწუხებდა და ამბობენ, რომ სწორედ მუდმივად კოშმარებში მყოფმა შექმნა უამრავი შედევრი, მათ შორის ყველაზე ცნობილი ნახატები „ბანქოს მოთამაშენი“, რომლის 5 ვარიანტი არსებობს, ან „მობანავე ქალები“, რომელიც გონებას მაკარგვინებს მეც და მილიონობით კაცს, საოცარი „ოთხი სეზონი“ ან თუნდაც „კაცი გაზეთით“, რომელიც „ცოცხალია“ და თითქოს გაზეთში წაკითხული უნდა მოგიყვეს, ან მისი მეუღლის, მარი გორტენზია ფიკეს პორტრეტი, რომელიც ადრე მისი მენატურე იყო... მათ ვაჟიც ჰყავდათ, სახელად პოლი, რომელიც ეშმაკმა გორტენზიამ ქორწინების გარეშე გააჩინა. ყველაფრის მიუხედავად, სეზანს თავდავიწყებით შეუყვარდა საკუთარი მსახური ქალი - დიდმკერდიანი ფანი. გორტენზიამ რომ გაუგო, იქ ამბავი ატყდა... ქართველი ცოლების ეჭვიანობა ცელქობად მოგეჩვენებოდათ... გორტენზიამ ფეხები დააბაკუნა და კაცს დაქორწინების ულტიმატუმი წაუყენა... ზურგს სეზანის და, მარიაც უმაგრებდა. კაცი დაიღალა ქალებთან „ომით“ და რენუართან გაიქცა პარიზში. „ამბოხებული“ გორტენზია იქაც „ჩაუხტა“ და... „როგორც ყოველთვის“, ქალმა გაიმარჯვა და... სეზანი დანებდა.

 

სიცოცხლის ბოლო წლებში სეზანს დიაბეტი აწუხებდა, მარჯვენა ფეხი დაუჩირქდა, სიარული უჭირდა. ერთხელ საშინელ სეტყვაში მოყვა და სახლისკენ მიმავალმა გონება დაკარგა. სახლშიც მიიყვანეს და ექიმიც გამოუძახეს, მაგრამ როგორც კი ოდნავ მომჯობინდა, კვლავ ადგა, რომ თავისი მებაღის პორტრეტი დაესრულებინა. შეამცივნა და მებაღეს სახლში წაყვანა სთხოვა. უკვე გვიან იყო. პნევმონია დაეწყო, გონება დაკარგა და მარადისობაში წავიდა.

 

სეზანის ფუნჯს ეკუთვნის 800-ზე მეტი ზეთით და ამდენივე აკვარელით შექმნილი შედევრი. ორი ამდენი ნამუშევარი თავადვე გაანადგურა, დაუმთავრებლობის გამო.

 

ეჰ, სად იყვნენ პიკასოს ცოლები და შვილები, თორემ ფანქრით ისე, „მეჟდუპროჩიმ“ დასმულ, უფრო სწორად „დახატულ“ ტირეს და წერტილ-მძიმესაც მილიონებად გაყიდდნენ.

 

დიდი პოლ სეზანი გარდაიცვალა 1906 წელს.

 

 

თეა ფირცხალავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი