logo_geo
1878 წლის 19 თებერვალს ნიკოლოზ (კოკი) დადიანი დაიბადა
- +

18 თებერვალი. 2019. 21:34

 

 

„...ადამიანის უდიდესი იდეალი არის სამშობლო, მისი კეთილდღეობა, ბედნიერება და აყვავება. ამისთვის საჭიროა ზრუნვა მასზედ. უმთავრესი საფუძველი ერისა არის მტკიცე სარწმუნოებრივ-ზნეობრივ საფუძველზე დამყარებული ოჯახი...“, - ასე სწერდა ქალიშვილს დღევანდელი იუბილარი.

 

1878 წლის 19 თებერვალს სოფელ წყემში დაიბადა სახელოვანი ქართველი მამულიშვილი, მწერალი და პუბლიცისტი ნიკოლოზ (კოკი) დადიანი. მამამისი, რომელსაც ასევე ნიკოლოზი ერქვა, ცნობილი სამხედრო მოღვაწე იყო, დედა - თამარ შარვაშიძე კი აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ქალიშვილი გახლდათ. კოკი იზრდებოდა ბიძის სახლში, სოფელ ნოსირში. იქვე ცხოვრობდა პოლონელი ემიგრანტი, ვინმე დამბროვსკი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მოზარდის ჩამოყალიბებაში. კოკი ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანეს, მაგრამ სწავლას სიყვარული ამჯობინა და 17 წლის ჭაბუკმა ულამაზეს ნინო მიქელაძეზე დაიწერა ჯვარი. ნინო მეხუთე შვილის მშობიარობას გადაჰყვა... კოკის მარტო დარჩენა გაუჭირდა და 6 წლის თავზე მერი წერეთელზე დაქორწინდა. მათ სამი შვილი ეყოლათ. მოკლედ, კოკი მრავალშვილიანი მამა გახლდათ. იგი რამდენჯერმე აირჩიეს სენაკის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის, იგივე მარშლის, პოსტზე, რასაც კარგად ართმევდა თავს. იმ პერიოდში ამიერკავკასიაში რუსეთის იმპერიის საეკლესიო და საერო სკოლების ზედამხედველი იყო რუსი სასულიერო პირი ივანე ვოსტორგოვი, რომელიც მზაკვრულად ცდილობდა მეგრული ანბანის შემოღებას, რასაც ვერ მიაღწია. ცნობისთვის, 2000 წელს საქართველოს ეს დიდი „მეგობარი“ რუსეთის ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კოკი დადიანმა არაერთი კრიტიკული წერილი დაბეჭდა 1904 წლის „პეტერბურგსკიე ვედომოსტის“ ფურცლებზე, რომლებშიც ვოსტორგოვის იმდროინდელ „აქტივობებს“ გმობდა. იმავე წელს კოკი დადიანი ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 1917 წელს „დამოუკიდებლობის კომიტეტმა“ წყალქვეშა ნავით „UB-42“ საქართველოში შემოიტანა დიდძალი იარაღი, რომელიც კოკი დადიანის ნოსირის მამულში ინახებოდა. 1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, კოკი დადიანის დიდმა ოჯახმა საქართველო დატოვა და პარიზში დასახლდა. კოკი სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა, გაწევრიანდა პატრიოტულ ორგანიზაციებში - „თეთრი გიორგი“ და „ქართლოსი“, წერდა და ემიგრანტულ ქართულ გამოცემებში „წყემელის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა პატრიოტიზმით და ლირიზმით გამსჭვალულ ლექსებს. კოკი დადიანს არაერთი ცნობილი შთამომავალი დარჩა, მათ შორის მიხეილი, რომელიც იუნკრად ყოფნის დროს კოჯორ–ტაბახმელასთან იბრძოდა, მოქანდაკე სვიმონი, ბაბო, რომელმაც 1937 წლის რეპრესიები იწვნია საქართველოში. გავიდა მრავალი წელი და ბაბომ კოკი დადიანის პირადი არქივი საჩუქრად გადასცა საქართველოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“, რომელიც ბაბო დადიანის ოთახ-მუზეუმშია დაცული.

 

61 წლის კოკი დადიანი გარდაიცვალა 1939 წელს პარიზში. იგი დაკრძალულია ლევილში და მის საფლავს ასეთი ეპიტაფია ამშვენებს: „მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, როცა უამბობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე: „ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე“.

 

P.S. ჩემს მიერ მოწოდებული მასალა ეფუძნება საქართველოს ერთ-ერთი მემატიანის ბატონ გურამ შარაძის წიგნს „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებულ-დაფასებული.

 

თეა ფირცხალავა

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

Tea Pirtskhalava-ს ფოტო.

 

 

 

big_banner
არქივი