logo_geo
მერაბ ხაჩიძე: „მომაფურთხე, თორემ!“
- +

4 აგვისტო. 2021. 20:27

 

 

!“ოჰ, მომაფურთხე, თორემ ვერ მოვიწმენდ ახლა ამას მე...“ - ეს ფრაზა იონა ვაკელის ცნობილი პიესის მთავარ გმირს, აპრაკუნე ჭიმჭიმელს ეკუთვნის და საზოგადოებაშიც დარჩა, როგორც უპრინციპო, უთავმოყვარეო და პატარა ადამიანის შეფასების სიმბოლო! იქნებ არც ღირს იმ ფაქტისკენ კიდევ ერთხელ მიბრუნება, ახლა რომ ვაპირებ გაგახსენოთ, მაგრამ „მომაფურთხე, თორემ ვეღარ მოვიწმენდ ახლა მეო“, მავანის შეურაცხყოფაზე (თუნდაც უსამართლოზე) გაცემული ეს პასუხი იმდენად ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცა, რომ ლამის ცხოვრების წესად გვექცეს!

 

ხომ გახსოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა ირაკლი აბსანძემ პირდაპირ ეთერში რომ დაიჩივლა: - თეა წულუკიანი ის კულტურის მინისტრია, იუბილე იმ რეზო ამაშუკელს რომ მიულოცა, რომელმაც ჩემზე თქვა, (სტილი დაცულია) ტ-------ში აყვავებულ ბროწეულს ჰგავსო! ორიოდე დღის მერე კი ახალი „სატოპკე“ აისროლა და ნათქვამი გაასწორა - კოზლაში აყვავებული ბროწეული თქვა და კაი ხანს ვარკვევდი, კოზლა რას ნიშნავდაო! (?!) ბუნებრივია, ამაზე ბევრი ვიცინეთ, მეც და ყველამ, ვინც ეს მოისმინა, მაგრამ ამ სიცილ-ხარხარში ერთი „უმნიშვნელო“ ნიუანსი ყველას გამოგვრჩა! აბსანძეს რეზო ამაშუკელის მოსწრებულ „შეფურთხებაზე“ მეტად წულუკიანისგან მისთვის საიუბილეოდ ტორტის მირთმევის ამბავი უფრო ეწყინა, თორემ ცოტა ადრე იყვირებდა, ეს რა მაკადრა რეზო ამაშუკელმაო, მაგრამ როცა „კოზლა“ შენთვის უცხო სიტყვათა ლექსიკონში კაი ხანს საძებარი სიტყვაა, ძნელია ასეთი უმნიშვნელო ნიუანსისთვის მოიცალო!

 

აბა რა! კულტურის მინისტრს არ უნდა ეკადრა, აბსანძის თავმოყვარეობის შემლახავი საშინელება არ უნდა ჩაედინა და ტორტი არ უნდა მიერთმია იუბილარისთვის, თორემ შეფურთხებულს კი მოიწმენდ „კაცი“... არადა, ამ მინისტრმაც რა ქნას? - ქართულ ტელემედიაში იმდენი „აბსანძეა“ და ქვეყანაში დღევანდელ ჟურნალისტიკაზე „შეყვარებული“ იმდენი „ამაშუკელია“, რომ ახლობლებისთვის მისალოცი ტორტი ვეღარ დაუჭერია ხელში ქალს და ეგაა!

 

მთავარი არ არის, ვინ როგორი ეპითეტით შეგამკობს! მთავარი გადაყლაპულ შეურაცხყოფაში აღებული გასამრჯელო და მიღებული ქათინაურისთვის მიცემული, დამფინანსებლისთვის მისაღები „სწორი“ პოლიტიკური მიმართულებაა!

 

„ხუთ მანეთად ფოთის პოლიცმეისტერი გაიხდისო“ და იმ ფულად, ტელევიზიის შენახვას რომ სჭირდება, კი უნდა შეირგო, „თვალებში რომ ჩაგხედავენ“ და რომ გეტყვიან „შე ნაბი- ჭვაროო“! ასე რომ არ ეფიქრა ვატო წერეთელს, წესით, შეურაცხმყოფელ კობახიძეს ცოცხალს ვეღარ უნდა გაესწრო, „ტვ პირველის“ მფლობელისთვის! როგორც ჩანს, ასე ფიქრობს „ჟურნალისტიკას“ ატორღიალებული კასტის უმრავლესობა, თორემ მაშინაც კი, მიკროფონიანი ზონდერი რომ ხარ, შენთვის თუ არა, შენი ახლობლების და ოჯახის წევრებისთვის, როგორი მოსასმენი და როგორი მოსათმენია, „სუნი აგდით და ყარხართო“, რომ მოგახლიან სახეში?!

 

ბევრ ვინმესთან ერთად, არც თქვენი მონა-მორჩილი დავრჩენილვარ ნამეტანი აღფრთოვანებული, როცა თეა წულუკიანმა მიკროფონი წაართვა ემა გოგოხიას, მაგრამ ცოდვა გამხელილი ჯობს და გულის სიღრმეში მეც გამკრა ანგარიშსწორების ბოღმამ და კმაყოფილების ნაპერწკალმა! ეს კი ცუდია, ძალიან ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილ პროფესიონალსაც და მასაც (ვერც ამას აუკრძალავ) ჟურნალისტის ერთნაირი პრეტენზია აქვთ!

 

...მაგრამ ჩემი განცდა-დამოკიდებულება მაინც პატარა და უმტკივნეულო ჩხვლეტაა, იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც ახლა ვიტყვი!

 

ალბათ არ ვაჭარბებ! ქუჩაში ათს რომ ჰკითხო, ცხრა ისე გეტყვის, გული მომფხანა წულუკიანის საქციელმაო, არც დაფიქრდებიან... საზოგადოების თვალში სიტყვა უკვე იმდენად დეგრადირებულია, რომ ყველას ერთ ქვაბში ხარშავს!

 

ახლა იმის შესახებ, თავიდან რამ გამახსენა დღეს ზოგადად „აბსანძე“ და „წერეთელი“! სიმართლე გითხრათ, არც მათი ზნეობრივი კრიტერიუმებია ჩემი და სხვისი თავის ტკივილი, მაგრამ რა მოვუხერხოთ საკუთარ ზნეობრივ კრიტერიუმებს მაშინ, როცა კონტროლიდან სრულიად გამოსული ტელემედიისგან ისეთ შეურაცხყოფას ვისმენთ, ისე ვატარებთ ყურიდან ყურში „ჟურნალისტებისაგან“ საზოგადოების, მისი განწყობის სრულ იგნორს, ისეთ ცინიზმს ვყლაპავთ თავისტკივილის აბებივით, რომ აბსანძეზე ნათქვამი „კომპლიმენტი“ იმასთან შედარებით, მოფერებაა!

 

რაც იწყება, ის აუცილებლად მთავრდება სადღაც და როცა „დემოკრატიის“ იდეალებში გაბმულ-გაჩხერილი პოლიტიკური ელიტა, კაცმა რომ არ იცის, რისი შიშით, პროცესებს მაყურებელთა დარბაზიდან შესცქერის, ამ ქვეყნისთვის, ნებისმიერ „აბსანძეზე“ უფრო სახიფათო კონტროლიდან გამოსული ხალხის რისხვა შეიძლება იქცეს!

 

როგორი ნამდვილთან მიახლოებულიც არ უნდა იყოს, ამის მთქმელი - „შემაფურთხე, თორემ ვეღარ მოვიწმენდო“, მაინც ლიტერატურული გმირია!

 

რეალური კი „აბსანძე“ და მის მიმართ განწყობაა!

 

 

right_banner big_banner
არქივი