logo_geo
მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში პანკისიდან 2 მოსწავლე ამერიკაში მიემგზავრება
- +

29 აგვისტო. 2017. 00:34



პანკისის ხეობიდან 15 წლის ნიკა ციხესაშვილი და 16 წლის მადინა ალხანაშვილი, მეწარმეობის შესწავლისა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, ოთხი კვირით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი ბიზნეს გეგმების განხორციელებას შეეცდებიან.


ნიკა ციხესაშვილი და მადინა ალხანაშვილი დუისის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები არიან. მათ აშშ-ის საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის" კონკურსში გაიმარჯვეს.

 

„მითხრეს, რომ მეწარმეობის შესახებ პროექტი ხორციელდებოდა და 18 წლამდე ახალგაზრდებს არჩევდნენ. ძალიან მინდოდა მონაწილეობის მიღება. შევავსე აპლიკაცია, რის შემდეგაც გასაუბრება გავიარე და ფინალისტებს შორის მოვხვდი. მეც მაქვს ჩემი ბიზნეს იდეა. ამერიკიდან რომ დავბრუნდებით, შევეცდები განვახორციელო. მინდა, როგორც შევძლებ ჩემ სახელმწიფოს განვითარებაში დავეხმარო. იმედია, ამერიკაში ვისწავლი ყველაფერს, რაც მეწარმეობას და გუნდურ მუშაობას ეხება", - უთხრა ნიკა ციხესაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს.

 

მადინა ალხანაშვილის თქმით, მას პანკისის ხეობაში ქალებისთვის ფიტნეს კლუბის გაკეთება სურს: „ხეობაში არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ქალებიც შეძლებდნენ საკუთარ თავზე ზრუნვას. ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა იცოდე როგორ დაიწყო საქმიანობა და რადგან გაცვლითი პროგრამა მეწარმეობაზეა, კარგია რომ ფინალისტი ვარ".


პროგრამაში კიდევ 8 მოსწავლე მონაწილეობს. ისინი მარნეულიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და თელავიდან შეარჩიეს.


საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროექტის კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე ამბობს, რომ ეს პირველი პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობისთვის გაკეთდა.

 

„პროექტი მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ცოდნა, თუ როგორ ხდება საკუთარი ბიზნესის წამოწყება. ოთხი კვირის განმავლობაში 15-16 წლის ახალგაზრდები გაივლიან სხვადასხვა სესიებსა და ვორქშოფებს მეწარმეობაზე. თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში შევარჩიეთ, თავისი ბიზნეს გეგმა აქვს. როდესაც დაბრუნდებიან, მათ განხორციელებაში შესაძლოა სხვადასხვა სახით მხარი დავუჭიროთ",- აღნიშნავს ლიკა გუმბერიძე.


პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს სამი კვირის განმავლობაში ინდიანას უნივერსიტეტი უმასპინძლებს, ხოლო ბოლო ერთ კვირას ისინი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გაატარებენ, სადაც კულტურულ-შემეცნებითი აქტივობებით დაკავდებიან.





წყარო http://radioway.ge









 

big_banner
არქივი