logo_geo
აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში პალმის ახალი მავნებელი გამოჩნდა
- +

15 თებერვალი. 2018. 23:46



აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში ახალი მავნებელი, ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა. როგორც „ეხო კავკაზა" წერს, მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც ამ საკითხის მონიტორინგს ატარებს, პალმების განადგურების საფრთხეზე იუწყება.


პარალელურად, facebook-ზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზოგადოებრივი ორგანიზაციის „აპსაბარას" ხელმძღვანელმა, რომან ლეიბამ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს მავნებლის მიერ განადგურებული პალმის ხე. ფოტო გაგრაში, პანსიონატთან ახლოს არის გადაღებული.



 


„ეხო კავკაზა" წერს, რომ გრძელცხვირა ხოჭო აფხაზეთში პირველად 2016 წელს დაფიქსირდა. მდედრი მავნებლები პალმის ფოთლებზე დებენ კვერცხებს, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი 5 სმ სიგრძის ჭუპრები პალმის ხის განადგურებას შიგნიდან იწყებენ.


„ჩვენ დავადგინეთ, რომ ძირითადად დეკორატიული მცენარეებით მკვებავი მავნებლის გავრცელების ზონა საბედნიეროდ მხოლოდ რუსეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაა. საუბარია ფსოუს საკონტროლო გამშვები პუნქტის რაიონზე, წანდრიფშზე, გაგრის პანსიონატის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ზონაში გამოვიკვლიეთ მცენარეები და გამოვავლინეთ დაავადებული პალმები. დღეის მონაცემებით პალმის 200 ეგზემპლარიდან სამწუხაროდ 12 უკვე განადგურდა. ჯერჯერობით ძნელია თქვა, თუ რამდენი პალმაა საერთო ჯამში დაავადებული, მაგრამ გამოვლენილი შემთხვევებიდან საუბარია დაახლოებით 20-ზე. ამ შემთხვევაში, მათზე მკვეთრად არის გამოხატული მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი", - უთხრა „ეხო კავკაზას" ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა.


მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა არ გავრცელდეს მავნებელი. ამ მიზნით მათ გაეროს მიმართეს, რომელმაც აფხაზეთში გრძელცხვირა ხოჭოსთან ბრძოლაში გამოცდილი ინდოელი ექსპერტი ჩაიყვანა. სპეციალისტი აფხაზ კოლეგებს საველე პირობებში ასწავლის მწერთან ბრძოლის მეთოდებს.


რომან დბარი ამბობს, რომ ბრძოლასთან ერთად აუცილებელია აიკრძალოს პალმის ტოტების ტრანსპორტირება და გადატანა, რადგან შესაძლოა ამან ხელი შეუწყოს მავნებლის გავრცელებას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი