logo_geo
ექსტრემალებისთვის აჭარაში, კლდეზე დაკიდებული სასტუმრო-კაფსულა მოეწყობა
- +

30 ნოემბერი. 2019. 01:42

 

კლდეზე დაკიდებული სასტუმრო (კაფსულა) ექსტრემალებისთვის, საფესტივალე სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში - მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც აჭარაში, ჭვანის ხეობაში იგეგმება.

 

ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს.

 

გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე მოეწყობა.

 

„ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება" - აღნიშნავს თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

 

ჭვანის ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრშია და რეგიონში ფოლკლორითა და მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული ადგილია. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ძველი, ხის წიქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი.

 

ხეობა მდიდარია ჩანჩქერებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და ტრადიციებით. ამ მხრივ გამორჩეულია ხაბელაშვილების სამი საუკუნის ხის ხიდი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნოც, სადაც მუსიკალური ხელსაწყოს შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი