logo_geo
გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ის განცხადება
- +

21 იანვარი. 2020. 17:06

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, პროვოკაციულ ქმედებებს კვლავ აგრძელებენ.

 

მათივე განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

 

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მათ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს. მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

big_banner
არქივი