logo_geo
ნინო ლაცაბიძე: ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროს მედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს
- +

2 ივლისი. 2023. 21:44

 

 

რუსთავის სკოლების 149 ოქროს მედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო. საზეიმო მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა ფულადი ჯილდოს გარდა, საჩუქრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს. სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა.

 

რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოქროს მედალოსნებს, სპეციალური სიგელები ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა და სკოლის ოქროს მედალზე დამთავრება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

 

ქალაქის მერმა საზეიმო მიღებაზე, ახალი ინიციატივა გააჟღერა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, ფულად ჯილდოს ოქროს მედალოსნებთან ერთად ის ახალგაზრდებიც მიიღებენ, რომლებიც სკოლას ვერცხლის მედალზე დაამთავრებენ.

 

„ამაყი ვარ, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ამდენი ოქროს მედალოსანი, ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს. რუსთავში ტრადიცია გრძელდება, წელს უკვე 149 ოქროს მედალოსანს გადაეცა მერიისგან ფულადი ჯილდო. ასევე გვქონდა საზეიმო მიღება, სადაც ბიზნესის მხარდაჭერით მათთვის საჩუქრები იყო მომზადებული. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ სკოლის წარმატებით დასრულებას, წინ ბევრი გამოწვევა ელოდებათ და დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევებსაც ასევე წარმატებით დაძლევენ“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

 

საზეიმო ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, განათლების რესურსცენტრისა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოქროს მედალოსნებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის ტრადიცია რუსთავში, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, გასულ წელს დამკვიდრდა. განათლების ხელშეწყობისთვის, ოქროს მედალოსნების წახალისების გარდა, რუსთავის მერია, სტუდენტების სწავლის, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ტრანსპორტის დაფინანსების პროგრამებსაც ახორციელებს. განათლების ხელშეწყობის, სკოლამდელი აღზრდის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში 18 314 700 ლარია გათვალისწინებული.

 

 

big_banner
არქივი