logo_geo
საქართველოში პირველი Land Art Festival აჭარაში 19 ოქტომბერს გაიხსნება
- +

15 ოქტომბერი. 2023. 20:17

 

 

აჭარაში 19 ოქტომბერს „Land Art Festival“ გაიხსნება.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უპრეცედენტო ფესტივალის პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდება. „ლენდ არტ ფესტივალის“ კონცეფციის მიხედვით, ხელოვანი ადამიანები ღია სივრცეში, ადგილზე ნაპოვნი მასალების, ან ბუნებრივი ელემენტების გამოყენებით, დროებით და მუდმივ ინსტალაციებსა და სკულპტურებს ქმნიან.

 

მასშტაბური პროექტის ფარგლებში არტ ობიექტების შექმნა უკვე დაწყებულია. უნიკალურ ინსტალაციებზე ამ დროისთვის საქართველოში მოღვაწე 15 ხელოვანი მუშაობს. არტ ობიექტები ტერიტორიაზე ფესტივალის დასრულების შემდეგაც დარჩება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მისი დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ლენდ არტის ტერიტორიაზე ბუნებრივი ლანდშაფტის, ტრადიციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით, განსაკუთრებული სივრცე შეიქმნება, სადაც ხელოვნება ბუნებრივი გარემოს ნაწილი გახდება. ეს იქნება არტისტების შთაგონებისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების ახალი პლატფორმა.

 

ფესტივალის პროგრამა საკმაოდ ვრცელია და მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ლექციებს, რომელშიც მხატვრები, ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. ლენდ არტის შექმნით დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღების, ასევე სპეციალური ტექნიკის და უნარების სწავლის შესაძლებლობა ექნებათ. ტერიტორიაზე მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები გაიმართება. კინომოყვარულებისთვის ლენდ არტთან, ბუნებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით ფილმების, ასევე ღია სივრცეში ვიდეო-ინსტალაციების ჩვენება გაიმართება.

 

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ლენდ არტ ფესტივალებისადმი ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. ეს არის თანამედროვე ხელოვნების გარემო, სადაც სრულიად უნიკალური ნიმუშები ბუნებასთან ერთად იქმნება და სამომავლოდ ახალი ტურისტული მიზიდულობის ატრაქცია ხდება.

 

აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ფესტივალის მიზანია: ხელოვნების ირგვლივ საზოგადოებრივი აქტივობის სტიმულირება, ტრადიციული ქართული ხელნაკეთობების შენარჩუნება და პოპულარიზაცია.ხელოვანებს, ვიზიტორებსა და საზოგადოებას შორის ინტერაქციის შესაძლებლობა. დიალოგისა და იდეების გაცვლის სტიმულირება, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული კავშირების შექმნა.

 

 

big_banner
არქივი