logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ჯანდაცვის ბიუჯეტმა 51 მლნ ლარს გადააჭარბა, მნიშვნელოვნად გაიზარდა გულის ქირურგიის, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზის პაციენტების დაფინანსება
- +

25 ოქტომბერი. 2023. 13:19

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარს შეადგენს. შედეგად, გაიზრდება გულის ქირურგიის და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება. ბავშვთა და მოზარდთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციით 2 260 ბენეფიციარი ისარგებლებს.

 

„გაიზარდა ყველა სამინისტროს დაფინანსება ისევე, როგორც თითოეული მუნიციპალიტეტის მიზნობრივი კაპიტალური ტრანსფერები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი უკვე შეადგენს 51 მილიონ ლარს, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ შემდეგი პროგრამები, ეს ეხება როგორც გული ქირურგიის დაფინანსებას, ასევე ავთვისებიანი სიმსივნის პაციენტებს გაეზრდებათ დაფინანსება და აღნიშნული პროგრამით 6000-ზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს. ვზრდით დაფინანსებას ეკომიგრანტების ახალი სახლების შესაძენად. 120-ზე მეტი ეკომიგრანტი მომავალ წელს დაკმაყოფილდება ახალი, უსაფრთხო სახლებით“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ინფრასტრუქტურის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი პოლიკლინიკის და სასწრაფო და გადაუდებელი ცენტრის მშენებლობა.

 

 „ბათუმის არსებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაემატება პედიატრიული განყოფილება. პირველ სართულზე, ყველაზე დიდ ფართზე მოეწყობა მიმღები და შესაბამისი განყოფილებები, რათა კიდევ უფრო მეტად შევძლოთ ვიზრუნოთ ჩვენს ბავშვებზე და მოქალაქეებზე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

big_banner
არქივი