logo_geo
გენადი არველაძემ ტრანსპორტის მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

5 აპრილი. 2024. 13:50

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ტრანსპორტის მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს ევროკავშირის ყოველწლიური ღონისძიების „Connecting Europe Days” ფარგლებში გაიმართა.

 

მინისტერიალის ძირითადი თემა იყო ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის დაფინანსების  და მდგრადობის გაძლიერება.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში საქართველოს ჩართვა მნიშვნელოვანი მიღწევაა, რაც ქმნის მყარ საფუძველს ურთიერთთავსებადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და  ევროპულ სატრანსპორტო სისტემაში ქვეყნის ინტეგრაციისთვის.

 

მინისტრის მოადგილემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის აზიასთან დაკავშირებაში და ისაუბრა შავ ზღვაზე პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარების მნიშვნელობაზე როგორც ბაზრებზე წვდომის გაფართოების, ისე მარშრუტების დივრსიფიცირების უზრუნველყოფის მხრივ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის მშენებლობა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება, რაც გამტარუნარიანობის გაზრდასთან ერთად ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაძლიერებას ემსახურება.

 

მინისტერიალს თავმჯდომარეობდა ბელგიის ვიცე-პრემიერი და მობილობის მინისტრი ჟორჟ ჟილკინეტი და ტრანსპორტის კომისარი ადინა ვალეანი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის, დასავლეთ ბალკანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრები და მაღალი დონის წარმომადგენლები.

 

 

big_banner
არქივი