logo_geo
ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა
- +

6 მარტი. 2024. 12:46

 

 

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი და მსოფლიო ბანკის ჯგუფის მისიის სხვა წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

 

ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს გააცნო ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს საშუალოვადიან პერიოდში, რათა შესაძლებელი იყოს უფრო მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.   

 

ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ისეთ სექტორებში როგორიცაა განახლებადი ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და სხვ. აღინიშნა, რომ საქართველო მდებარეობს ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ უმოკლეს გზაზე და ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უფრო წარმატებით გამოიყენოს მისი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების კუთხით.

 

ასევე ხაზი გაესვა ისეთი პროექტების განხორციელების პრიორიტეტულობას, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას ევროკავშირისას დააკავშირებს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და სხვ. ითქვა, რომ საქართველო ძალისხმევას მიმართავს შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისა და საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის კუთხით. 

 

მსოფლიო ბანკის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები პოსტპანდემიურ პერიოდში, რამაც ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა მისცა. აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინკლუზიური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ. 

 

big_banner
არქივი