logo_geo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინაI
- +

2 ივნისი. 2023. 19:50

 


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი ინფორმაციით, 2022 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წელთან შედარებით 10.1 % შეადგინა. მშპ. ნომინალურ გამოსახულებაში 71 754.2 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე 19 452.7 ლარი შეადგინა.

როგორც მომხსენებელმა განმარტა, ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კვლავ კერძო სექტორს ეჭირა. „ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 21.1 %-ით, ხოლო საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 26.7 %-ით გაიზარდა. ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 44.8 ათასი ადამიანით, ხოლო მხოლოდ ბოლო კვარტალში 47.6 ათასი ადამიანით გაიზარდა“, - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, საშუალო ინფლაცია 11.9 %-ის დონეზეა. საანგარიშო პერიოდში აშშ დოლართან მიმართებაში ლარი გამყარდა 12.8 %-ით.

რაც შეეხება საგარეო სექტორს, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 109.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 33.2 %-ით მეტია. მომხსენებლის ინფორმაციით, მთლიან საქონელბრუნვაში ევროკავშირის წილი 20.5 %-ს შეადგენს.

მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2022 წელს, 98.2 %-ით გაზრდილი არის წმინდა ფულადი გზავნილები. ასევე, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 188.5 %-ით არის გაზრდილი საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 61.1 %-ით და შეადგინა 2 000.0 მლნ აშშ დოლარი.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 19 217 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 19 377 554.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.8%. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 17 350 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 17 385 944.3 ათასი ლარი. გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 357 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 364 658.4 ათასი ლარი. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 510 000.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 626 951.7 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.7%.

მომხსენებლის ინფორმაციით, 100.6%-ით არის შესრულებული 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი, რომელმაც, 16 450 247.4 ათასი ლარი შეადგინა. რაც შეეხება
გადასახადების მაჩვენებელს, ის შესრულდა საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%-ით.

მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საანგარიშო პერიოდში ორჯერ იქნა გაზრდილი, რამაც მთლიანობაში შეადგინა 20 მლრდ 186 მლნ ლარი.

„ვინაიდან ჯამური შესრულების მაჩვენებელი არის მაღალი, შესაბამისად ყველა უწყების მიერ შესრულების მაჩვენებელი არის მაღალი, ძირითადად 100%--თან ახლოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ათვისებული იქნა 177 მლნ 974 ათასი ლარი და გეგმასთან შედარებით 99,9%-იანი შესრულებაა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

big_banner
არქივი