logo_geo
ირაკლი ქარქაშაძე: მილიონი მგზავრით ქუთაისის აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება
- +

24 სექტემბერი. 2023. 22:16

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით, აეროპორტის ტერასაზე ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და ქუთაისის აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე აეროპორტის თითქმის 70 წლიანი არსებობის მანძილზე ისტორიული მოვლენაა. პირველად, ერთი წლის ჭრილში ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა.

 

 

არსებობს დიდი ქალაქები პატარა ისტორიებით და ქუთაისი, ავიაციის დიდი ისტორიით. დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, სწორედ ამ დიდ ისტორიას, განვლილ გზას და მომავალს ეძღვნება.

 

 

დღეს, ამ აეროპორტის ისტორიაში ახალი თავი იწყება მილიონი მგზავრი - ეს მგზავრების ის რაოდენობაა, რომელსაც ჩვენ წელს უკვე მოვემსახურეთ და დავისახეთ მიზნად, რომ ამ რიცხვს არასოდეს ჩამოვცდეთ“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

 

 

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა აეროპორტის 150 ვეტერანი თანამშრომელი, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის სპეციალური სიგელები და მედლები გადაეცემათ.

 

 

ქუთაისის აეროპორტმა უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი მსოფლიო ავიაციის რუკაზე და ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესია. თუკი წლების წინ ავიაკომპანიებისათვის ახსნა გვიწევდა თუ სად მდებარეობდა ეს აეროპორტი, დღეს ვხედავთ მათი მხრიდან მზარდ ინტერესს და ფრენების სურვილს. სწორედ ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ მალე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, wizz air-ი აეროპორტში წარმოდგენილი იქნება 4 ბაზირებული უახლესი ტიპის საჰაერო ხომალდით“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

 

 

ღონისძიების დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეო რგოლის სლოგანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -მილიონობით მგზავრის მასპინძელი. კომუნიკაციაში პირველად იქნა შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორია. ის, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი და აეროპორტში ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ ამ მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტმა პირველად, წლის ჭრილში, მემილიონე მგზავრს უმასპინძლა და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება.

big_banner
არქივი