logo_geo
ლევან დავითაშვილმა სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
- +

27 ოქტომბერი. 2023. 10:18

 

 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სერბეთის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის მინისტრს ტომისლავ მომიროვიჩს შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში შეინიშნება როგორც ორმხრივი ვაჭრობის, ასევე სერბეთში ექსპორტის ზრდის დინამიკა. კერძოდ, 2022 წელს ვაჭრობის მოცულობა 152 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 421 პროცენტით გაიზარდა. ანალოგიური სურათი დაფიქსირდა 2023 წლის 9 თვეშიც - სავაჭრო ბრუნვა 72 პროცენტით, ექსპორტი კი 32 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაჭრობის მხრივ პოტენციალი დიდია, ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ბიზნეს კავშირების მეტად განვითარების აუცილებლობას, რისთვისაც საუბარი წარიმართა მეტი ბიზნეს ფორუმისა და სავაჭრო მისიის გამართვის მნიშვნელობაზე.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური დიალოგის გაგრძელებისა და ამ მხრივ, მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობაზე.

 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი კავშირების განვითარების საკითხები ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, განახლებადი ენერგეტიკის და სხვა დარგებში.

 

 

big_banner
არქივი