logo_geo
ლევან დავითაშვილი: საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით
- +

16 ნოემბერი. 2023. 12:22

 

 

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ გახსნით ღონისძიებაში. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში ჯანსაღი კონკურენციის, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების აუცილებლობასა და ამ მხრივ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

 

ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯის შესახებ  - როგორც მან აღნიშნა, ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია ევროკავშირის საბჭოსადმი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი,  საქართველოს მიერ გაწეული  ინტენსიური სამუშაოსა და მიღწეული შედეგების ღირსეული აღიარება და მთლიანად ქვეყნის დამსახურებაა.

 

„აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია გამყარებულია იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კუთხით სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკით. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი წვლილია იმაში, რომ ბოლო წლებში ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით.  2020 წელს კონკურენციის კანონმდებლობაში დამატებით შეტანილი ცვლილებებით საქართველომ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულება -  ქვეყანას ჰქონდეს ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნეს სექტორისთვის ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და ეკონომიკურ აგენტთა მხრიდან დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებაზე“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2022 წელს მრავალწლიანი მუშაობის შედეგად საქართველოში ამოქმედდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი“. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ კანონის მიღებით შეიქმნა დამატებითი მექანიზმები, რომლებიც ქვეყანაში სტიმულს აძლევს მსოფლიო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებას.

 

„დარწმუნებული ვარ, მათ რეალიზაციას კონკურენციის სააგენტო, დაგროვილი ცოდნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში ძალიან წარმატებულად შეძლებს. საქართველოს მთავრობის სახელით, აქვე მინდა,  მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის და აშშ-ს მთავრობების მიმართ - წლების განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის განხორციელებას და ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

საერთაშორისო კონფერენცია ხუთი მარეგულირებელი უწყების - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანი საქართველოში, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების მექანიზმების გაუმჯობესებაა. კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის დელეგაცია და 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციის და მომხმარებლის სექტორში მომუშავე უწყების პირველი პირები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტარები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, საჯარო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

 

big_banner
არქივი