logo_geo
ვალერი კვარაცხელია: „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ის პლატფორმაა, რომელიც საქართველოს დღეს ჰაერივით სჭირდება
- +

7 დეკემბერი. 2023. 17:29

 

 

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია „ობიექტივიდან“ წამოსვლის შემდეგ, „ტვ-4“-ის ეთერში, ახალი სატელევიზიო ციკლით „სპეციალური გამოშვება“ დაბრუნდა. ის დარწმუნებულია, რომ ახალ სატელევიზიო პლატფორმაზეც ექნება თავისუფლების ის ხარისხი, რაც „ობიექტივის“ ეთერში ჰქონდა, სხვა შემთხვევაში, მისისვე თქმით, ან დახურავენ გადაცემას, ან ის თავად დატოვებს ტელეკომპანიას.

 

„თავისუფლების ისეთივე ხარისხი უნდა მქონდეს, როგორიც „ობიექტივში“ მქონდა, სხვა შემთხვევაში ან დახურავენ გადაცემას, ან მე თვითონ დავტოვებ არხს. კომუნისტურ ცენზურას ვეურჩებოდი, გამსახურდიას პერიოდის „დემოკრატიული“ ცენზურისადმი დაუმორჩილებლობის გამო დაპატიმრებული ვიყავი, შევარდნაძის დროს გადაცემა დამიხურეს, სააკაშვილის დროს საერთოდ ყველა ტელევიზიაში აკრძალული ვიყავი (სწორედ მაგ პერიოდში შემიფარა „ობიექტივმა“). ახლა კი, ის ასაკიც აღარა მაქვს უკვე, რომ თავს შეგუებისა და კონფორმიზმის ფუფუნების უფლება მივცე. დათა თუთაშხიასავით ვარ: „საითაც გული გამიწევს, იქით წავალ, თქვენო ბრწყინვალებავ!“.

 

მისივე თქმით, მან აირჩია პლატფორმა „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, რომელსაც „ტვ 4“-ზე საეთერო დრო აქვს, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კი, სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც დღეს საქართველოს ჰაერივით სჭირდება.

 

„საქართველოში დღეს მშვიდობის შენარჩუნება რომ ხერხდება, ამას თავისუფლად შეიძლება პოლიტიკური სასწაული ვუწოდოთ. მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრიოს და, უკრაინის პარალელურად, მეორე ფრონტი გაახსნევინოს. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა, ამ ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული სეპარატისტული რეგიონები და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა ამისთვის ხელსაყრელ ვითარებას ქმნის, მაგრამ საქართველოს მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უდიდესი ძალისხმევით არამარტო მშვიდობას ვინარჩუნებთ, არამედ ეკონომიკური აღმავლობის გზასაც ვადგავართ. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, არამარტო ქვეყნის შიგნით ხერხდება მშვიდობის შენარჩუნება, საქართველო მშვიდობიანი რეგიონის ინიციატივით გამოდის და თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ პირებს სწორედ ამ მისიით მასპინძლობს. განა ეს პოლიტიკური სასწაული არ არის? ამგვარ სამშვიდობო მისიებს დიდი და გავლენიანი სახელმწიფოების ლიდერები იღებენ-ხოლმე საკუთარ თავზე, თუმცა ყოველთვის მათაც არ გამოსდით ამგვარი წამოწყებების წარმატებით დაგვირგვინება. აქ კი, ხომ ხედავთ, მშვიდობა გვაქვს. ეს ყველაფერი იმ ორგანიზაციაზე საუბარს მოვაყოლე, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რომ ჰქვია. მშვიდობა უნდა იყოს დღეს ჩვენი ის ლოზუნგი, მე-19 საუკუნეში ილიამ „მამული, ენა, სარწმუნოების“ სახით რომ ჩამოაყალიბა. მე ილიას ლოზუნგის ჩანაცვლებაზე კი არ ვლაპარაკობ, იმისი თქმა მსურს, რომ მამულის, ენის და სარწმუნოების ანუ ქართული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებითაა შესაძლებელი“, - ამბობს კვარაცხელია.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=220025

 

 

big_banner
არქივი