თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში მიწების „ოკუპაცია“ უნდა შეწყვიტოს.
„თალიბებმა უნდა შეწყვიტონ თავიანთი ძმების მიწის ოკუპაცია და აჩვენონ მსოფლიოს, რომ ავღანეთში მშვიდობა სუფევს“, - განაცხადა მან.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თალიბების მიერ არჩეული მიდგომა არ არის ის გზა, რომლითაც მუსლიმები ერთამენთთან უნდა ურთიერთობდნენ. იქამდე კი თხუთმეტმა დიპლომატიურმა მისიამ და ნატო-ს წარმომადგენლობამ ქაბულში ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და თალიბებს თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
„ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე თალიბებმა სამუდამოდ უნდა დაყარონ იარაღი და აჩვენონ მსოფლიოს სამშვიდობო პროცესისადმი მათი ერთგულება”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას მხარი დაუჭირა ავსტრალიამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, კორეამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, შვედეთმა, ბრიტანეთმა, ევროკავშირის დელეგაციამ და შეერთებულმა შტატებმა, ასევე ნატო-ს სამოქალაქო წარმომადგენელმა.