logo_geo
რაღაც ხომ უნდა მტკენოდა, ნენ, შენ რომ გჩვევია - საშა გველესიანი
- +

22 დეკემბერი. 2017. 11:19

 


კლოდელ...

,,არა პურითა ხოლო...!" - არა
- ქვისფერი ციდან,
ჩვევად როდენის თითები მაქვს, 
შენთვის მლოდენი...
ნენ, მატირებდი, ქვად მჭირდი
და სიკვდილი მცდიდა,
რამდენ ქალიდან, შენ გერგუნა
ბედი კლოდელის...

ქვაში ჩაღვრილი სახეებიც
ასარჩევია, 
ასატანია უჭერო და უძვლო
გომური,
რაღაც ხომ უნდა მტკენოდა, ნენ,
შენ რომ გჩვევია,
ასე, უფსკეროდ, შემოხედვა 
- შემოდგომური...

დაფანტულ ქვების მეცხვარე ვარ,
ხეების მეთხე,
,,არა პურითა...!" - რომ მიყვარდი
ბაგით ბაგემდი,
ჩვენ დაგვავიწყდა, ბავშვებიც 
რომ ვიყავით ერთხელ,
ერთმანეთს ისე დიდებივით
ვაქანდაკებდით...

ყოველი თითი, გამოუთქმელ
სიტყვას უვლიდა,
შეშლას ვმალავდი საღი ჭკუით
და შეშლამ მზარდა,
დამსკდარ კედელზე, მიწერილი
სიყვარულიდან, 
დრომ ყველაფერი გადაშალა,
წერტილის გარდა...

არ მინდა, მაგრამ - ნენ, გიჟი ვარ,
ვარსკვლავებიან 
ღამისფერ ხალათს შემოვიცვამ, 
მზესთან მცოდველის 
პარტიტურებით და ღამეზე 
უფრო ვნებიან 
ათას ქალიდან, შენ გერგუნა 
ბედი კლოდელის...

საშა გველესიანი










 

big_banner
არქივი