logo_geo
ჩვენ წლებმა და ომებმა მოგვითევზავეს - რობერტ მესხი აფხაზეთზე
- +

22 დეკემბერი. 2017. 15:00



წერილი ჩემს აფხაზ მეგობარს


და მე - ჩემეული ემოციებით
და შენ - შენეული ჩაფიქრებებით
და ჩვენ - უჩვენოთ გულგასენილები და
კრიჭაშეკვრამდე სავსენი მონატრებით...
თითქოს მდინარის სხვადასხვა ნაპირთან მდგომნი...
ერთმანეთს ვხედავთ და ვერ ვეხებით...
ვესაუბრებით და ხმა არ გვესმის...
ამ მდინარის გადმოლახვა როგორი ძნელია თურმე...
არადა...
ხომ იყო დრო, ერთად რომ ვიყავი შენ და მე...
ხომ იყო დრო, ერთმანეთი რომ გვყადა...
იცი რა მახსოვს?
დედაშენის გამომცხვარი ჩიტის რძე
საოცარი სიხარულით რომ შემოგქონდა ჩემთან...
და ისიც მახსოვს, იმ ნამცხვარს
ვანილის ოდნავ მომწარო გემო რომ ჰქონდა...
ახალი წელი მოდის და გამახსენდი...
გახსოვს, რომ მიყვებოდი ამბავს ქართველ ბიჭზე, 
რომელსაც მოსწონდი და რომელსაც სურდა 
12 ბიჭი გაგეჩინა მისთვის?
12 ბიჭი - საფეხბურთო გუნდი რა - ამბობდი შენ და
გულიანად იცინოდი...
და მე - ჩემეული ემოციებით
და შენ - შენეული ჩაფიქრებებით
და ჩვენ - უჩვენობით გულგასენილები
დღეს სხვადასხვა ნაპირზე ვდგავართ...
ბოლოს რომ ჩამოვედი,
აღარც შენი სახლი იყო და აღარც მოედანი...
ის მოედანი, მერე ქართველები რომ დახვრიტეს თურმე...
მხოლოდ მდინარე ბზიფი მოედინებოდა ძველებურად...
იცი რა ერქვა ბზიფს ძველად?
ძალიან სასაცილო სახელი:
კაპოეტისწყალი...
იცი კაპოეტი რაა?
ფრინველიც და თევზიც...
ჰო, მტკნარი წყლის თევზი და
წელიწადგამოვლილი ფრინველი...
ჩვენ მტკნარი წყლის თევზები უფრო ვართ მგონი,
ვიდრე ფრინველები,
რადგან ფრინველებს ფრენა მაინც შეუძლიათ...
თევზები კი...
ჰო...
ჩვენ მოგვითევზავეს...
და შენ...
და მე...
და ჩვენ - აღარ ვართ ჩვენ და ერთმანეთს ვნატრობთ...
ახალი წელია...
გამახსენდი...
სადა ხარ, ნეტავ???
გილოცავ, სადაც უნდა იყო...
იქნებ უკვე ხარ 12 ვაჟის დედა,
ვინ იცის სად?
დედამიწის რომელ კუთხეში?
არადა, მსურდა აქ გაგეჩინა იმ შენსავით თვალებმაყვალა 
ქართველი ბიჭისთვის 12 მისნაირი ბიჭი...
ჩვენ წლებმა და ომებმა მოგვითევზავეს...
ჩვენ კაპოეტები ვართ, 
მტკნარი წყლის კაპოეტები
და ბზიფი ახლაც უჩვენოდაც მიედინება!!!!!!!!!!!!

რობერტ მესხი










 

big_banner
არქივი