logo_geo
შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა, ღმერთო!
- +

23 დეკემბერი. 2017. 12:35



უთავბოლო სონეტი

ჩემი სონეტი იკითხება დასასრულიდან,

ნებას ვიძლევი, წაიკითხოთ მარჯვნივ და მარცხნივ;

გემი გასულა უსახელო ნავსადგურიდან,

ვნება უზომო მაწამებს და ძალ-ღონეს მაცლის.

ვინაც მოსულა - შემთხვევითი მგზავრია ყველა,

ცალად დარჩენილთ მოლოდინი გვენუგეშება;

ბრწყინავს ცრემლები თვალებში და არაა შველა,

ძალა ბოროტი დაგვაჩნია ბედის ეშვებმა.

შენი წყალობა უმოწყალო ყოფილა, ღმერთო,

მორცხვად ინანა - ადრე ვინაც გითხრა მადლობა;

ენით რარიგ ვთქვა, კაცი კაცსა როგორღა ენდოს,

როცა უფალზეც სი(სუ!)ლელე არის დანდობა.

კარავი მომეც სიმშვიდისა - ამას გთხოვ მხოლოდ,

არავინ უწყის წუთისოფლის თავი და ბოლო.

ვახტანგ ღლონტი,1980 წელი


 

big_banner
არქივი