logo_geo
გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო
- +

27 დეკემბერი. 2017. 11:36


გული

მოკვდა.


დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.


მოკვდა უცხოეთში.


- ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, - იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.


ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:


- შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ.


- ბატონებო, გული, გული, სადღაა?


გულის მაგიერ ფერფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში?


კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:


- მე დავაჭკნე!


- მე დავწვი! - გახმაურდა სურათი მაგიდაზე.


სიტყვები არავის გაუგონია.



/ნიკო ლორთქიფანიძე/




 

big_banner
არქივი