logo_geo
ჯოჯოხეთს ნახევარი ბეღურაც ჰყოფნის...
- +

5 იანვარი. 2018. 15:59



მანეულები შემორჩება ხოლმე დიდხანს ხეივანს.

უკანასკნელ ფოთლებსაც ქარი გაუწიაწებს ვაზს, მაგრამ ვერაფერს აკლებს მანეულებს, ისე იცის მამამ გაკვანძვა - ორჯერ მაინც და მეორე კვანძი უფრო მძლავრად.

ბეღურა გაება დილას, ფეხით ჩამოეკიდა.

შეიკრიბა სრულიად საბეღურეთი ახლომახლოდან და იმისთანა ჟივილი დასცხეს, თითქოს თავი ჩამოეკიდოს ხეივანზე მათ შორის საუკეთესოს.

ადამიანებმაც ასე ვიცით, როცა ვინმე სასიკვდილოდ გაებმევა, ერთს იმისთანას დავჭექებთ შევაზანზარებთ სამყაროს და მერე გავიყურსებით და ხელებს გადავაჯვარედინებთ სასეიროდ.

ასე ქნეს ბეღურებმაც, შორიახლოს დასხდენენ და კუდები აიპრიხეს.

მიყუჩდნენ.

მამამ ძლივს მოათრია კიბე მტკივანი წელით და ხეივანზე აბობღდა.

იმ შერეკილმა როგორ თქვა - აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობსო?!

იქ იდგა აბსოლუტური სიჩუმე, ვიდრე მამას თავზე კამარას არ შეკრავდნენ ჟრიამულით ბეღურები.

მამამაც ააფრინა ბეღურა, ისე ააფრინა, როგორც მტრედებს ააფრენენ ხოლმე მექორწილე ადამიანები.

- ესეც ასე ! სამოთხე გარანტირებული მაქვს - ო თქვა.

გამეცინა.

- ერთი ბეღურით?

- კი.

- მაშინ ჯოჯოხეთიც...რომ არ გაგეშვა...

- ჯოჯოხეთს ნახევარი ბეღურაც ჰყოფნის, ადვილად მოიპოვება- თქვა და ჩვენ დავინახეთ, როგორ მოეხეთქა ფანჯრის მინას გადარჩენილი ბეღურა და რამდენიმე წამს ხელებზე დააჩერდა მამას, რომელიც გასათბობად მიეშვირა გავარვარებული ღუმელისათვის...


/დინა მირცხულავა/









 

big_banner
არქივი