logo_geo
დინა მირცხულავა - შენც გააკრავ, დადი, ღმერთს ?
- +

31 იანვარი. 2018. 13:01



      ობშხა ჭითა

     (მეგ; წითელი პარასკევი)


       საბუდარიდან უკანასკნელ კვერცხებს მომატანინებდა დიდი ბებია.

      იმ დღეს შავი თავსაფრის ნაცვლად, წითელ ატლასს შემოიკრავდა თავზე სამი შვილისა და ქმრის დამკარგავი ქალი.

      იმ დღეს არ ეწეოდა. თუთუნისაგან დაყვითლებული ხელები წითლად შეეღებებოდა.

      - მოდი, დადი და კვერცხები ქვაბში ნელა ჩაალაგე, თანაფა (აღდგომა. მეგ.) უშენოდ არ მოვა.

      უჰ, როგორ ვჩქარობდი აღდგომის მოსვლას, თითქოს კვერცხების სწრაფად ჩალაგება განაპირობებდა მის დადგომას.

      - ახლა ჯვარზე გავაკრავთ ღმერთს. ცოტა სერიოზულად მოიქეცი, ეს კვერცხები არ მიალეწო! - სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა დადის.

      - სისხლი წამოუვა ?

      - კი, წამოუვა.

      - შენც გააკრავ, დადი, ღმერთს ?

      - კი, მეც.

      - იმიტომ გაქვს ხელები წითელი ? 

      - კი, იმიტომ. - ცრემლი მოუგორავდა დადის თვალებიდან და უაზრო ფათურს იწყებდა ხელების,რატომღაც წინსაფარში უნდოდა დაემალა.

      წითელი კვერცხები საგულდაგულოდ გამზადებულ თივაზე ამოჰქონდა.

      - ცოტა გაგრილდეს და გააპრიალე, - ცხიმით გაჟღენთილ ჟორჟეტის ნაჭერს მომაწვდიდა, მერე ზემოთ აიხედავდა.

       - წამოვა თავსხმა ახლა, ღორონთ განჭყორუ ქიანას(მეგ,ღმერთი გაუწყრება ქვეყანას), ობშხა ჭითა შხვანერო ვაშინერს! - თქმა იყო და მოიქუფრებოდა.

-ნახე, კამკამა , უღრუბლო ციდან ტირიან ჯვარცმული მაცხოვარი და ღვთისმშობელი - ცისკენ მიმითითებდა.

      ჩემ თვალწინ კი დადი ტიროდა, თითქოს მართლა თავად გაეკრას ჯვარზე ღმერთი და ენდროში გაწითლებული ხელები მართლაც მაცხოვრის სისხლში გაეთხვაროს.

      თალხისფერი დაჰკრავდა იმ სევდიან დღეს ცხონებულს და საკუთარ ხელის მტევნებს დასცქეროდა დაჟინებით და აღარ იცოდა, სად დაემალა...

 

დინა მირცხულავა






 

big_banner
არქივი