logo_geo
თენგიზ მორჩიაული: ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!
- +

19 თებერვალი. 2018. 02:14




მე ერთი პაპა მყავდა, რჩეული გვარ - ტომთა,

უყვარდა გაზაფხული, ყვავილთა ფანტელები,

სულ იმას იძახდა, სულ იმას ამბობდა:

- ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!


შრომობდა, იღწვოდა, სწყუროდა, შიოდა,

ბევრჯერ მისი ოფლით მორწყულა ველები,

შინ იყო, გარეთ იყო, სულ იმას ჩიოდა:

- ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები.


ჰყავდა ცხრა შვილი; - ოჯახის ფუფუნება!

მაღალნი, თამამნი, ლამაზნი, ჯანმრთელები,

და მაინც სწუხდა და სულ იმას ბუხუნებდა:

- ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები!


კვდებოდა, ეცლებოდა სული - ზღვის ტალღა,

მკერდს ეწყო გაყინული ვეება ხელები,

კვდებოდა ბერიკაცი და მაინც იძახდა:

- ვაი, რა ცოტანი ვართ დღეს ქართველები...


ვდგევარ მის საფლავთან, დარდს გულის კარს ვუღებ,

მწვავს ფიქრი, მამულის სუნთქვით ნაფერები,

და მეც პაპასავით მტკივა და მაწუხებს,

რომ დღეს ცოტანი ვართ მართლაც ქართველები.


თუმცა ცოტანი ვართ, ნურავის ეგონება,

უკვალოდ ჩაიფეფრლა ბებერი პაპის ძვლები,

კვლავ სულში მიკიჟინებს წინაპრის შეგონება:

ვამრავლოთ, ვამრავლოთ, ვამრავლოთ ქართველები!

 

თენგიზ მორჩიაული


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი