logo_geo
ქეთევან მელიქიძე - მოხუცთა თავშესაფარი დროებითი გაჩერებაა სამოთხეში მიმავალი მგზავრებისათვის...
- +

20 თებერვალი. 2018. 12:00



ნაზამთრალ ბაღში მივაბიჯებ, მოხუცთა თავშესაფარში მივდივარ. ბაღის სიღრმეში, ძველ შენობაში შეყუჟა თითქოს ვიღაცამ გაზაფხულს მომლოდინე ადამიანები. უცნაურია, მაგრამ ზუსტად ვიცი, ძალიან ვჭირდები იმათ და კიდევ უფრო მეტად მე მჭირდებიან ისინი. ცოტანი არიან, თავიდან სახელები მერეოდა, ახლა სპეციალურად ვურევ, ვიცი, უხარიათ, ასეთი „ახალგაზრდ" ვარ და სკლეროზიანი, დამცინიან.

ლანჩის შემდეგ მივდივარ, რაღაც სასუსნავიც მიმაქვს. მოსაცდელ დარბაზში მხვდებიან, სამრეკლოს შეფარებული მტრედებივით უცნაურ, მოღუღუნე ბგერებს გამოსცემენ, ფრთხილად გადაადგილდებიან, შრიალით, გალეული, ათასჯერ წაკითხული წიგნებივით.

დღეს ცარიელი ოთახი დამხვდა. ორი მოხუცი გარდაცვლილა. ორი ერთდროულად, წარმოგიდგენიათ?! დანარჩენები ოთახებიდან არ გამოსულან, ეშინიათ, სიკვდილს ემალებიან.

„მოშივდებათ და გამოვლენ", - ეღიმება ექთანს.

ჩანთას ვტოვებ და თითქმის სირბილით ვბრუნდები უკან. მეკითხა მაინც, რომლები წაიყვანა დალოცვილმა...

ჯოჯოხეთში შემთხვევით არავინ ხვდება, მოხუცთა თავშესაფარი დროებითი გაჩერებაა სამოთხეში მიმავალი მგზავრებისათვის, რომელთა გაცილებაზეც შვილებმა და შვილიშვილებმა უარი თქვეს...

 

/ქეთევან მელიქიძე/








 

big_banner
არქივი