logo_geo
დინა მირცხულავა - ჩვენს ოთახებში აღარ წიოკობდა ქარი
- +

27 თებერვალი. 2018. 14:34





ბებიაჩემის ოთახი გამორჩეულად მიყვარდა.

ხალიჩა ეკიდა იქ. ძალიან ლამაზი. ხელით ნაქსოვი.

ბაბუაჩემის სურათი ეკიდა შუაში და ბებიაჩემი დაწოლამდე რაღაცას წაებურტყუნებოდა ხოლმე, ისე სულ გამწყრალი კი იყო იმ ბერიკაცზე, მაგრამ მაინც სიყვარულით ებუზღუნებოდა.

მერე  ხელს გადაუსვამდა.

თითქოს ლამფა იყო ხალიჩა, ბებიაჩემი დაძინებამდე უწევდა და ნელ-ნელა მინავლდებოდა და მიქრებოდა თვალებიდან...

ვეღარ ვიხსენებ, როგორ და რანაირად, თანაც იმ ფონზე, როცა მხოლოდ იმ ტანსაცმლით გამოვიქეცით, რაც გვეცვა, მაგრამ ხალიჩა ახალ საცხოვრისშიც გვქონდა.

ოთახის იმ კედელზე ჩამოკიდა მამამ, საიდანაც ყველაზე მეტად  გვეწიკვინებოდა ქარი და ის  ხალიჩა რომ არა, ჩვენს ოთახსაც აიკლებდა...

სასტიკი ზამთარი კი გადაგვაგორებინა და...

მერე ტაძარში გადავიტანეთ, ჩემი ძმა ესვენა იმ ხალიჩაზე.

ძმა სასაფლაოზე დავაბინავეთ.

ხალიჩა- ტაძარში.

- შევწიროთო- დედაჩემმა.

გავწირეთ.

ბებიაჩემს სულ აღარ ახსოვდა თავის ბერიკაცი და ყოველდღე მაიძულებდა სასაფლაოზე წამეყვანა, ჩემი ძმის ყორღანზე ხელის გადასასმელად.

ჩვენს ოთახებში აღარ წიოკობდა ქარი.

მეტიც - ჩვენ ვაღიაღებდით ფანჯრებს და მაინც გვახრჩობდა უჰაერობა.

ხალიჩა კი ვიღაცას გარეთ გამოეპინტრიშებინა და ეზოსი ეგდო წვიმასა თუ მზეში, ყინვასა თუ ქარში.

ჯიბრით ითოვა კიდეც იმ წელს.

აკი ვთქვი - გავწირეთ !



/დინა მირცხულავა/





 

big_banner
არქივი