logo_geo
„ჩემი ტკივილიც გაასრულეთ, დედა!“ - ვახტანგ ღლონტის ლექსი
- +

3 მარტი. 2017. 14:17



დედა

 

შენ რომ გიყვარდა ყავადანი,

დედის ნახსოვარი ყავადანი,

მეზობლის გოგოს გავატანე, დედა!

ხომ გახსოვს გოგო ალვისტანა...

იქვე დავმარხეთ, - ალვებთანა...

მე დარდი ვეღარ ავიტანე,

დარდმა თავისი გაიტანა, დედა!

-------------------აღარც ალვატანი,

-------------------აღარც ყავადანი,

შენი ვაჟი კი ავად არი,

ძალზე ავად არი, დედა!

თვალი ჭრილობაა ჩვენი სულის, დე...და...

ცრემლი სისხლი არი ჩვენი სულის, დე...და...

----------------------თვალი - შენისლული,

----------------------სული - შეისრული,

პირობა ვეღარ შეგისრულე,

წუთისოფელი შევიძულე

და... გვედრით მშობლებს გარდასულებს,

რახან დამიწყეთ - დამასრულეთ,

ჩემი ტკივილიც გაასრულეთ, დედა!

------------------------კაცი ტალახით ნაშენია, დედა!

------------------------ცხოვრება დარდთა გამჩენია, დედა!

------------------------მიწაც ხომ ჩვენი სარჩენია,

------------------------მაქ წამოსულა, რაც ჩვენია,

აქ არაფერი დამრჩენია,

სულ არაფერი, დედა!

სიკვდილი მწარე წამალია, დედა!

არ მორჩა, ვინაც არ დალია, დედა!

უმჯობესია, რაც მალია,

ყველაზე ნაღდი სამალია -

ტკივილებისგან,

კივილებისგან,

სიკვდილებისგან... დედა!

 

ვახტანგ ღლონტი

1981 წელი.


 

big_banner
არქივი