logo_geo
პატიმრის პასუხი გალაკტიონს
- +

17 ივლისი. 2017. 11:49




ზუგდიდის ციხეს პატიმრები დაწყევლილ ადგილს ეძახიან. ეს სახელი დაწესებულებას ერთი საინტერესო ფაქტის გამო შეარქვეს - ქალაქის შუაგულში მდგარ ციხეს მტრედები და მერცხლები არ ეკარებიან მაშინ, როცა ქალაქში უამრავი მტრედია. აქ მერცხლები ბუდის აშენებას იწყებენ და... ორ დღეში სანახევროდ აშენებულ ბუდეს ტოვებენ... რეჟიმის პირობებში ზუგდიდის ციხე სისასტიკით განთქმული იყო. პატიმრები ჰყვებოდნენ, რომ მინიმუმ კვირაში ერთხელ, ყველა პატიმარს მხოლოდ იმიტომ სცემდნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მოქმედი ხელისუფლების ძალა ეგრძნოთ. ყოფილა შემთხვევა, როცა ამ მიზეზით ციხეზე ნაცემი პატიმარი ზუგდიდის საავადმყოფოს არ მიუღია, გადარჩენის შანსი არ აქვსო და მსჯავრდებულებიც სიცოცხლის ბოლო წუთებს ცივ კარცერებში, ბეტონის იატაკზე ატარებდნენ. 2004 წელს ციხეში, როგორც პატიმრები ამბობდნენ, რეჟიმს პირველად „მოუჭირეს" და მსჯავრდებულებმაც გაქცევა გადაწყვიტეს. გაქცევის გეგმა ხუთმა კაცმა შეიმუშავა. მათ მოახერხეს და ხუთი ათასი დოლარის სანაცვლოდ, ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს დაწესებულებაში მაკაროვის ტიპის ორი პისტოლეტი და სამი ხელყუმბარა შეატანინეს. ერთ-ერთი პატიმარი, გიგა ლ. მომხდარს ასე იხსენებს:


„საკანში ხუთნი ვისხედით. ყველაზე ნაკლები - 9 წელი მე მქონდა მოსჯილი. ახალი დაჭერილი ვიყავი. ყაჩაღობის მუხლი მქონდა და უკვე ვხვდებოდი, რომ 9 წელი აქედან ჩემი გამშვები არავინ იყო. ერთ დღეს, ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელსაც 15 წელი ჰქონდა, მშვიდად თქვა, მე გაქცევას ვაპირებ და თქვენი არ ვიციო... მაშინვე ყველამ ყურები ვცქვიტეთ. მან მარტივი გეგმა გაგვაცნო - ღამე ექიმი მოვითხოვოთ. ის მარტო არ მოვა, თანამშრომლებიც მოჰყვებიან. მძევლად ავიყვანთ, გზად შემხვედრ ოფიცრებსაც მივაყოლებთ და გავალთ. მთავარია, რეჟიმის უფროსიც ავიყვანოთ, ეგ ციხის უფროსის დეიდაშვილია და არ გაიმეტებსო... გარეთ იარაღი მოვიძიეთ და ჩვენი სოფლელი „გავკერეთ" შემოტანაზე. გაქცევის დღეც დავთქვით. ღამე ექიმი მე მოვითხოვე და ორ ექიმთან ერთად ორი ოფიცერი მოვიდა. ოთხი ადამიანის მძევლად აყვანა საკმარისად არ ჩავთვალეთ, გაგვიმეტებენ ჩვენც და ამათაც- თქო, ვიფიქრეთ და ამიტომ პოლიციელებს ერთ-ერთი თანამოსაკნე აუშარდა. მათ რაციით რეჟიმის უფროსს უხმეს, რომელიც ოთხ თანამშრომელთან ერთად ამოვიდა. რვა კაცი უკვე საქმე იყო. იარაღი ვიშიშვლეთ და გეგმის განხორციელებაც დავიწყეთ... ციხის ეზოში მარტივად გავედით, იქ კი „ვიშკიორებმა" ატეხეს ხმაური. ჰაერში ისროლეს რამდენჯერმე. მთელი ციხე ფეხზე დადგა. ციხის უფროსი თავის კაბინეტიდან გადმოდგა და ბოლო ხმაზე იყვირა, დაგვნებდით, თორემ ყველას დაგხოცავთო. წინ მისი დეიდაშვილი დავიყენეთ. მე მეკიდა ქეჩოში ხელი და კეფაზე იარაღი მქონდა მიდებული. სროლა არ გაბედო, თორემ შენს დეიდაშვილს კეფას გავუხვრეტ, თავი გადადებული გვაქვს-თქო, ვიყვირე. ჭიშკრის გაღება მოვითხოვეთ, მაგრამ არ გააღეს. სამხარეოს სპეცდანიშნულების რაზმი წუთებში იქ გაჩნდა და მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკება მთელ ციხეს ესმოდა - ჩვენ ეზოდან ვყვიროდით პირობებს, ისინი კი ადმინისტრაციის კორპუსიდან გვპასუხობდნენ. გათენდა. სურათი ნათელი იყო, ყველა სახურავზე სპეცრაზმელი იყო ჩამჯდარი და იარაღი ჩვენსკენ ჰქონდა მოშვერილი. ჩვენი ერთადერთი უპირატესობა გახსნილი ხელყუმბარები იყო, თუ გვესროდნენ, ხელყუმბარას ავტომატურად ხელს ვუშვებდით და ჩვენს გარდა რვა მძევალი ფეთქდებოდა. დავინახეთ, რომ ციხის ეზოში შავი ჯიპები შემოვიდა და ადმინისტრაციის შენობას მიაშურეს. მხოლოდ როლანდ ახალაია ვიცანი, დანარჩენები ისე მალე მიიმალნენ, თვალი ვერ მოვკარი. სულ რაღაც ათ წუთში ციხის უფროსი ფანჯარაში გადმოდგა და დაიძახა: დაგვნებდით! უარი რომ მიიღო, ავტომატი მოიმარჯვა, გულდაგულ დაუმიზნა ჩვენი მიმართულებით და გაისროლა... მისი დეიდაშვილი მაშინვე ადგილზე ჩაიკეცა. ციხის უფროსმა არაადამიანური ხმით იღრიალა და ისევ დაგვიძახა: ხომ ხედავთ, არავის დანდობის უფლება არ მაქვს, ან გვნებდებით, ან ზუსტად 30 წამში ყველას ჩაგცხრილავთო. რეჟიმის უფროსი ჩემს ფეხებთან ფართხალებდა. ტყვია მუცელში ჰქონდა მოხვედრილი და სისხლი თქრიალით სდიოდა. მივხვდით, არ ხუმრობდნენ და მოლაპარაკება მოვითხოვეთ. ყველაფერი მალე აგვიხსნეს - ხუთივეს „სროკს" დაგვიმატებდნენ, მაგრამ მაქსიმუმ ორ წელს, არ გვცემდნენ და არ დაგვხოცავდნენ. სხვა გზა არ იყო, დავთანხმდით და იარაღი დავყარეთ... იმავე საღამოს თბილისში გადმოგვიყვანეს, არც ზუგდიდში და არც გზაში ხელი არავის უხლია ჩვენთვის. სამინისტროში მიგვიყვანეს და... ისე გვცემეს, რასაც გავუძელით, ალბათ ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებდა... მაგრამ ნორმალურები არც ასეთ თავზეხელაღებულ გაქცევაზე ფიქრობენ, ალბათ... არ მოგვატყუეს მხოლოდ ის, რომ ორ წელზე მეტი არცერთისთვის დაუმატებიათ. მე, ჯამში, 11 გამომივიდა, დანარჩენებს მეტი"...


გიგამ სასჯელის ბოლო წლები რუსთავის #17 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გაატარა. ერთ დღეს შინ დარეკა და მამას რაღაც საქმის გაკეთება სთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ დარეკა და უკმაყოფილოდ ჩასძახა ტელეფონში, ერთი დღის საქმის გაკეთებას ერთ კვირას რატომ ანდომებო. მერე კი, როცა პასუხი მოისმინა, ხმამაღლა გადაიხარხარა და პატიმრებს უთხრა: იცით, მამაჩემმა რა მიპასუხა? შე შობელძაღლო, ნახევარი საათის საქმეს 11 წელი მოანდომე და დიდი რამე, ერთი დღის საქმე ერთ კვირაში თუ ვერ მოვასწარიო... მოსკოვშია ახლა გიგა, მუშაობსო, ამბობენ. P. S. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლექსი „პასუხი გალაკტიონს" სწორედ გიგას დაწერილია!     


პასუხი გალაკტიონს


გენიოსო, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი, ყველა ჩვენგანს ავიწყდება...

მე მაოცებს, რად იგონებ, ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,

რომ მუდმივი ერთგულება აღარავის არ უნახავს.

რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას, ვისაც სატრფო მოუკვდება,

რომ სულ ყველას გლოვის შემდეგ, სხვა ტრფიალი მოუნდება.

რომ თითქოს და აღარავის, აღარ ჰქონდეს წრფელი სული,

რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული.

რაღად გინდა ეგ ცინიზმი, რომ მღერიხარ დიდო გონო,

ან ვის გინდა ცოდვიანი, სტრიქონები გააგონო.

მილიონში რომ ერთია, ვიცი, ჩემი ლექსის ქება,

მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება...

სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო- ბიჭი,

და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი,

უბოძა და გაიხარა, ორმა ნორჩმა წრფელმა გულმა,

და ამაყად იწყო წინსვლა, ამ უბადლო სიყვარულმა.

ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი,

ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი...

მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს, გადაფურჩქვნა არ აცადა,

მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა...

სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი,

ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი.

დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული,

მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული.

დაიტირა შავი ძაძით, მოუსველა გულზე მიწა,

უწრფელესი ცრემლთა ღვარით, შეაძრწუნა დედამიწა.

ვაჟის დედას ეახლა და უთხრა - თქვენი ვარო რძალი,

და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი- პატარძალი.

გენიოსო, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,

იმ წუთშივე მისი ჩრდილი, ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!

და მის მერე სატრფოს საფლავს, არ სცილდება გოგო- ქალი,

მიწიერი მწუხარების მგლოვიარე დედოფალი...

ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე,

აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე.

თმას გაიშლის, დაემხობა, საცოდავად ტირის, კვნესის,

მის ცრემლების სიკამკამეს, ვეღარ იტევს ჩემი ლექსი.

განა მისთვის არ უნდოდათ, მიერთმიათ ნორჩი ვარდი,

და მწუხარედ ეჩურჩულათ, შემიყვარდი, შემიყვარდი...

მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას, როცა გიდგას თვალწინ ქალი,

ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი...

ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე,

არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა ქვეყანაზე,

მოხიბლულა მისი ქცევით, დედის გული მგრძნობიარე,

სიგიჟემდე უყვარს რძალი, უკვდავების მოტრფიალე.

ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა- ქალმა,

ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა.

გენიოსო, არ გეცვლება, ხედვა შენი დიდი ნიჭის?!

ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა, გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!

და მის მერე წლების რისხვას, ქალიშვილი ებრძვის მარტო,

რაღად უნდა ამ სრულყოფას, სხვა სიტყვები მივუმატო.

ვაჟის ხსოვნა, წმინდა გრძნობა, ააცურა მაღლა ცაზე,

ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე.

კვლავ ერთგული არის ხსოვნის, კვლავ ერთგული არის ღვთისა,

როგორ გინდა არ იწამო, ამ განგების რჩეულისა...

მიილია მისი წლები მიწიერი გამოცდისა,

წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა.

შენ კი ამბობ არ არსებობს, უკვდავება დაგიკარგავს,

ჩემულობდი, მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს:

ან გმირები მოღალატე, უერთგულო როცა ნახე,

მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე?!

გამაგონე, გენიოსო, ამ ღალატით რის თქმა გსურდა,

რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა?!

როგორ ამბობ, სულ ერთგული, რომ არავინ იყო უწინ?

და თუ იყო, რატომ გახდი, მისთვის ასე სიტყვაძუნწი?!

რატომ ცდილობ, უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი?!

მილიონში იმ ერთისთვის, ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!

აღარ იყო? ვერ გიცვნია, არ გცოდნია ტრფობის ფასი,

ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი...

ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარადმწვანე,

ნუთუ მერის რომ ეტრფოდი, სხვა ტრფიალზე გადაცვალე?!

ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი?!

ნუთუ ისე გაბოროტდი, რომ შეგძულდა გლოვა სხვისი?!

ღირსეულს რომ ჰყვარებოდი, არ ყოფილხარ თურმე ღირსი,

ოლღასთანაც გახდებოდი მოტრფიალე რადგან სხვისი.

ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი,

რომ ღალატი მრავლობს მიტომ, ერთგულებას ჰქონდეს ფასი.

განკითხვამდე რომ ჰქუხს მხოლოდ, ცდუნებების რიგთა წყება,

ერთგულების ღირსება კი, რომ არასდროს იფარგლება.

ვეღარ მისწვდა შენი სული ამ სიწმინდეს, ვეღარ მისწვდა...

და ვაი, შენ, რომ სიკვდილი, სიცოცხლეშივ დაგავიწყდა.

დაგავიწყდა, რადგან ასე, მსჯელობს შენი დიდი გონი,

გსურს უფსკრულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი.

სხვა რად მინდა, ჩემი გითხრა, ერთგულების სიმფონია,

რა სატრფო ვარ, გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია...

დამიფაროს ღმერთმა, მაგრამ თუ წამართვა სატრფოს სული,

მის საფლავზე მიჯაჭვული, მეყოლება სიყვარული.

მიჯაჭვული მეყოლება, სანამ სუნთქვის მექნა ნება,

ასე მესმის გენიოსო, მიწიერი მე ცხოვრება.

ვუერთგულებ სატრფოს საფლავს, ვუერთგულებ უფლის ნებას,

ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას...

ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც, დაამარცხა ბედი მწარე,

მოწიწებით გადათოვლილ კუბოში სჭედს მესაფლავე.

სჭედს და რაღაც ველურ ფიქრზე, ახლა კი არ იღიმება,

სტირის ჩვენი მესაფლავე, ასე უნდა, ეგრეც ხდება!

ეახლება ქალი ედემს, თუ მიგიწვდა მასთან სული,

უპასუხე, გენიოსო, რად ატკინე ოქროს გული?!

უპასუხე, რად უარყავ, არ გინდოდა მხელა რისი,

უპასუხე, რად არ იყავ, სიყვარულის თავად ღირსი...

და უთხარი, რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი,

რომ არსებობს, რომ არსებობს ერთგულების ქვეყნად მსგავსი.

რომ გრცხვენია, რომ გრცხვენია, მოიფიქრე კიდევ რამე,

რომ აკლია მესაფლავეს" სიყვარულის სიკამკამე!

თავად ხედავ, აღარა გაქვს ნება, რაც თქვი, კვლავ იგი თქვა,

ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა!

მე კი გეტყვი, განა გჯიბრობ, და გიცხადებ ლექსით მტრობას,

გედავები მარადიულ, უერთგულეს გრძნობის გმობას.

გიღიარებ, გატოლება, ლექსით შენთან არის ძნელი,

მაგრამ გკითხავ - რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!

წამოდექი სავარძლიდან, ჩამომართვი ხელზე ხელი,

არ მელოდი, გენიოსო, სიყვარული გეახელი!!!   

 

პატიმარი #0578


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი