logo_geo
საწვავის ფასი 3 ლარამდე გაიზრდება
- +

2 ოქტომბერი. 2018. 01:56

 

 

ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავის ღირებულება 3 ლარს მიაღწევს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი უფრო ზომიერია. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მათი გათვლით, ბენზინის ღირებულება 2,80 ლარს არ გადააჭარბებს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველაზე ნეგატიური სცენარი განვითარდება.

 

როგორც ვიცით, ნავთობის ფასზე სხვადასხვა ფაქტორმა მოახდინა გავლენა, თუმცა იგი, ძირითადად, გაიზარდა იმის გამო, რომ ირანს დაუწესდა სანქციები, რომელიც ნოემბრიდან ამოქმედდება.

 

ცხადია, ფასი მატულობს საქართველოშიც, ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზრებზე 1 ლ „სუპერის” ფასი, საშუალოდ, 2,65 ლარია, „პრემიუმი” 2,55 ლარი ღირს, ხოლო „რეგულარი” 2,45 ლარად იყიდება. ამდენივე ღირს „დიზელი”, ხოლო „ევროდიზელის” ფასი 2,55 ლარს შეადგენს. შედარებით დაბალია არაბრენდირებულ სადგურებზე წარმოდგენილი პროდუქტების ფასი.

 

საუბარია იმაზეც, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა, 100 დოლარამდე გაიზარდოს – ასეთ პროგნოზს აკეთებენ სასაქონლო ბაზრებზე მომუშავე ჯგუფები „ტრაფიგურა” და „მერკურია”. ამის მიზეზი, როგორც აღნიშნავენ, ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციები გახდება.

 

აზია-წყნარი ოკეანის ნავთობის კონფერენციაზე, რომელიც სინგაპურში გაიმართა, „მერკურია ენერჯი ტრეიდინგის” პრეზიდენტმა დანიელ ჯაეგიმ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ამოქმედებული სანქციების გამო, ბოლო კვარტალის მიწურულს, ბაზარს დღეში დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობი მოაკლდება. ამის გამო, ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა შესაძლოა, 100 დოლარს მიაღწიოს.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ერთი მხრივ, ირანის სანქციების გამო შეიძლება, მიწოდება შეწყდეს, მეორე მხრივ კი შესაძლებელია, კომპენსირება რუსული, არაბული და სხვა ქვეყნების ნავთობით მოხდეს.

 

აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი