მარიხუანას მოხმარება სრულად ლეგალური გახდა. გთავაზობთ იმ პარლამენტარების ვინაობას, ვინც კითხვაზე - აქვს თუ არა მარიხუანა გასინჯული, თავი არ აარიდა და პასუხი გასცა.
პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული აქვთ:
ემზარ კვიციანი: ერთხელ გავსინჯე.
რომან გოცირიძე: მუშთაიდის ბაღში, არავითარი ეფექტი არ ჰქონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იქნებოდა პირველი და უკანასკნელი.
აკაკი ზოიძე: კი, რა თქმა უნდა.
გიორგი ვოლსკი: ბავშვობაში მომიხმარია მარიხუანა, როდესაც არასრულწლოვანი ვიყავი და შემდგომ, სრულწლოვან ასაკშიც.
ზაზა ხუციშვილი: კონცერტის წინ მეც გავსინჯე. კიდევ კარგი, რომ ეს კონცერტი გადავიღეთ ვიდეოზე, იმიტომ რომ სცენაზე მეგონა, რომ ჩემნაირი მუსიკოსი მსოფლიოში არ არსებობს.
ალექსანდრე ქანთარია: გასინჯული მაქვს. ეს მოხდა 1976 წელს მოსკოვში, აზერბაიჯანელებმა მიწილადეს, მერე ისე მოხდა, რომ ნომრის მიგნება გამიჭირდა.
ზვიად ძიძიგური: გამისინჯავს და ვიცი, რა იდიოტობაც არის. 1992-93 წლებში ყველა გამოთაყვანებული დადიოდა, რადგან ყველას ჰქონდა მარიხუანა დარგული, ეწეოდნენ და ყოველდღიურად მოიხმარდნენ.
ლევან გოგიჩაიშვილი: არ მომიხმარია ძალიან დიდი ხანია. ვარ ლიბერალური მიდგომის მომხრე.
ოთარ კახიძე: დიახ, მომიწევია.
ზაზა გაბუნია: დელიკატური და რთული შეკითხვაა, ვერ ვიხსენებ.
მამუკა მდინარაძე: 2010 წელს მოვწიე მარიხუანა. მთლად კარგი იყო-მეთქი, ვერ გეტყვით.
გიგა ბოკერია: კი, მომიხმარია.
ირაკლი სესიაშვილი: არც მახსოვს, ბოლოს როდის მოხდა ეგ.
დავით ბაქრაძე: დიახ, სტუდენტობის დროს გამისინჯავს, მაგრამ მოყვარული არ ვყოფილვარ არასდროს.
გიგი წერეთელი: დაახლოებით 27 წელია არ მომიწევია თამბაქო.
პაატა მხეიძე: არ დაგიმალავთ, სპორტული ინტერესის გამო გამისინჯავს.
სერგი კაპანაძე: კი, ახალგაზრდობაში მომიწევია.
ირაკლი აბესაძე: ძალიან ცოტაჯერ.
სერგი რატიანი: ბევრჯერ არა, თუმცა კი.
ელენე ხოშტარია: გულწრფელად რომ გითხრათ, მე ღვინის მომხმარებელი უფრო ვარ ვიდრე მარიხუანის, თუმცა კი, მომიწევია.
პარლამენტარები, რომლებსაც მარიხუანა გასინჯული არ აქვთ:
ირმა ინაშვილი: არა.
დიმიტრი ხუნდაძე: არასოდეს და არც ვაპირებ გავსინჯო.
ირაკლი შიოლაშვილი: არასდროს.
გუგული მაღრაძე: არა.
სულხან მახათაძე: არასოდეს და ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ, არ ჰქონდეთ მისკენ მიდრეკილება.
ისკო დასენი: ნამდვილად არა.
დავით ჭიჭინაძე: არასდროს არ მომიწევია. რახან ყველა ეწევა და მოსწონთ, მეც რომ მომეწია, ალბათ, მომეწონებოდა.
ადა მარშანია: არასოდეს გამისინჯავს მარიხუანა.
სოფიო კილაძე: არა, არ მომიხმარია.
ნატო ჩხეიძე: არასოდეს მომიხმარია მარიხუანა.
მარიამ ჯაში: არა.
არჩილ თალაკვაძე: არასოდეს გამისინჯავს. მართალი გითხრათ, ალკოჰოლთან და მარიხუანასთან მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება. სპორტული ცხოვრების წესით ვცხოვრობ და სწორედ ამიტომ არ გადამიწყვეტია, რომ მომეხმარა მარიხუანა.
კობა ნარჩემაშვილი: არა, სიგარეტიც კი არ მომიწევია.
ზაქარია ქუცნაშვილი: მარიხუანას კი არა, ჩვენს გვარში თამბაქოს არ ეწევა არავინ.
აკაკი ბობოხიძე: მირჩევნია არ ვიცოდე, ვიდრე მერე რაიმეზე უარი ვთქვა.