logo_geo
დავით სოკოლოვი: მჯეროდა, რომ ეკრანიდან სიმართლეს ვაცხადებდი, დღეს კი ცრუ ინფორმაციის ბუმია!
- +

20 იანვარი. 2017. 23:51



ის ყველა ქართული ოჯახის წევრად ითვლება, რადგან 35 წლის განმავლობაში მისი განუმეორებელი ხმა თითოეულ ბინაში ყოველდღიურად ისმოდა. გასული წლის მიწურულს, ქართულ ტელევიზიას - 60, ხოლო მის ღვაწლმოსილ თანამშრომელს, მგზნებარე მამულიშვილს და ბრწყინვალე პროფესიონალს,  დავით სოკოლოვს 80 წელი შეუსრულდა. ახლახან, სხვა ღვაწლმოსილ მუშაკებთან ერთად, ტელევიზიის შენობასთან  დავით სოკოლოვის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.


დავით  სოკოლოვი: 1958 წელს თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, წარმატებით გავიარე შესარჩევი კონკურსი და რადიოში დავიწყე მუშაობა. მიწვევით, ტელევიზიაშიც მიმყავდა გადაცემები, თუმცა მაშინდელი წესებით, 2 ადგილზე მუშაობა იკრძალებოდა. სხვათაშორის, თავიდან, როცა ტელედეპარტამენტის დირექტორმა, კაკო ძიძიგურმა ტელევიზიაში გადმოსვლა შემომთავაზა, უარიც კი ვუთხარი, რადგან რადიოში უკეთ ვახდენდი საკუთარი თავის რეალიზაციას, მაგრამ მერე მაინც ეკრანს მოვერგე.

 

- რა კრიტერიუმით ხდებოდა ტელევიზიის თანამშრომლების შერჩევა?


- კონკურსი იყო საკმაოდ რთული. პირველ რიგში, მეტყველებას აქცევდნენ ყურადღებას. მნიშვნელოვანი იყო ვიზუალური მხარეც. დირექტორს დამაჯერებლად უნდა გადმოეცა ინფორმაცია, ამისთვის კი, თავად მისთვის უნდა ყოფილიყო სარწმუნო, რასაც ცისფერი ეკრანიდან იტყოდა. დღეს რომ ქართული სიტყვებით, თუმცა, სიტყვების ინგლისური წყობით გველაპარაკებიან დიქტორები, მაშინ ასე არ იყო - გამართულ, გრამატიკული ენით უნდა გელაპარაკა და არა რობოტივით... არამედ, დამატებით, ინტონაციით, სწორედ დასმული მახვილებითაც გადმოეცა შინაარსი! სხვა ენებთან შედარებით, ქართული ენა ყველაზე ოპტიმალურად იძლევა ამის საშუალებას. დანარჩენი უკვე დიქტორის პროფესიონალიზმზე და ოსტატობაზეა დამოკიდებული. ყველაფერთან ერთად, ტელევიზიის დიქტორი მსოფლმხედველობრივად სანდო უნდა ყოფილიყო საბჭოთა სისტემისთვის.

 

- ტელევიზიის სტრუქტურა როგორი იყო?


- სრულიად განსხვავებული, ვიდრე დღეს. იყო უამრავი რედაქცია და შინაარსობრივად გაცილებით საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის გადაცემები კეთდებოდა. მარტო საბავშვო რედაქციას ისეთი მრავალფეროვანი გადაცემები ჰქონდა, დღეს ვერაფერს შეადარებ. იყო ლიტერატურული რედაქცია, რომელიც უნიკალურ სატელევიზიო სპექტაკლებს დგამდა. გადაცემებს ამზადებდნენ რედაქციები. იყო საკმაოდ დიდი შტატი.


- რასაც ტელეეკრანიდან ამბობდით, თავად გჯეროდათ?


- დიახ, მჯეროდა. პროგრამა „მოამბე" 1966 წელს დაარსდა. მანამდე იყო „ახალი ამბები". მე მიმყავდა მაშინდელი კრიმინალური ქრონიკა. გადაცემა „გზებსა და გზაჯვარედინებზე", „ოქროპირი"... საბჭოთა სისტემა კრიმინალს ებრძოდა და პატიოსანი ადამიანის მოქალაქეობრივი პოზიციაც კრიმინალს უპირისპირდება. ამიტომ, არანაირ ქენჯნას არ ვგრძნობდი, როცა ვამხელდი კრიმინალს და მექრთამეებს.


მქონდა ჩვევა-გადაცემის პროცესში ხელში აუცილებლად, კალმისტარი უნდა მქონოდა.  წინ მედო ფურცელი, რომელზეც, გარკვეული საკითხები მქონდა მონიშნული. ტექსტს ეკრანზე ვკითხულობდი, თუმცა პარალელურად, ფურცელზეც ვიხედებოდი. ტექსტის ზეპირად თქმაც მეხერხებოდა, რადგან ტელევიზიის გარდა, კინოსტუდიაში მიწევდა მუშაობა, სადაც პერსონაჟებს ვახმოვანებდი და იქ ხანდახან 2 გვერდის დაზეპირებაა აუცილებელი, რათა ტექსტი პერსონაჟის ტუჩების მოძრაობას დაამთხვიო. ტექსტს, რომელიც უნდა წამეკითხა, წერდა ჟურნალისტი. მას ჯერ რედაქტორი ეცნობოდა, შემდეგ მთავლიტი, რომელიც ცენზორის ფუნქციასაც ასრულებდა. გადაცემამდე ნახევარი საათით ადრე, ბეჭედდასმულ და ხელმოწერილ ტექსტს დიქტორები გადავავლებდით ხოლმე თვალს. გამორიცხული იყო, ტექსტისთვის თვითნებურად რაიმე მიგემატებინა.


- იქნებ, ტექსტი სიმართლეს არ შეესაბამებოდა?


- ტყუილის ტირაჟირება მაშინ არ ხდებოდა. ჟურნალისტი ვერ დაწერდა იმას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა! შესაბამისად, დიქტორებიც დარწმუნებული ვიყავით, რომ ვკითხულობდით სიმართლეს. დღეს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა, როცა არავინ ზღუდავს ეკრანიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებას. მართალია, რასაც გადმოვცემდით, ბევრი რამ არ მოგვწონდა, მაგრამ ცრუ ინფორმაციას არ ვავრცელებდით! ხოლო ის, რომ მე არ მომწონდა, რასაც ვამბობდი, ჩემი მსახიობური ნიჭის წყალობით, მაყურებლისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა და ჩემს ხმას თუ მიმიკა-ჟესტიკულაციას, დამაჯერებლობა არ აკლდებოდა! აი, მაგალითად, გადაცემა „გზები და გზაჯვარედინები" მოძრაობის წესების დამრღვევ და მთვრალ მძღოლებზე მოუთხრობდა მაყურებელს, რომელიც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდნენ, ამიტომ, დამრღვევთა მიმართ საზოგადოების მრისხანებაც ერთსულოვანი იყო. დიქტორს შეეძლო, უარი ეთქვა ტექსტის წაკითხვაზე, თუ კრიტიკული მასალა მის ახლობელს, ნათესავს ან ოჯახის წევრს შეეხებოდა, მაგრამ უნდა დაესაბუთებინა უარი. 70-იანი წლებიდან შეიცვალა სიტუაცია, როცა სისტემამ ლპობა იწყო, თორემ როგორც მოქალაქე, ვამბობ, რომ ის სისტემა ცუდი არ იყო და არ ღირდა ყველაფერზე ხელაღებით უარის თქმა.

 

- მახსოვს, თქვენ წაიყვანეთ გადაცემა „ბანდიტები", რომელშიც თვითმფრინავის გამტაცებელი ახალგაზრდების მიმართ მკაცრი დამოკიდებულება გამოხატეთ. მაშინაც ეთანხმებოდით ტექსტს, რომელსაც კითხულობდით?


- ახალგაზრდებმა მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. თითოეულ მათგანს შეეძლო, ქვეყანა ყოველგვარი სისხლის და თვითმფრინავის გატაცების გარეშე დაეტოვებინა, რადგან მაღალი წრის წარმომადგენელთა შვილები იყვნენ და უცხოეთში ლეგალურადაც შეეძლოთ გამგზავრება. მოხდა დიდი ტრაგედია. დაიხოცა ხალხი, მაგრამ მეორე საკითხია, რომ შევარდნაძის საბჭოთა ხელისუფლებამ, საკავშირო ხელისუფლების წინაშე ქულების დასაწერად, ისინი საჩვენებელი სასჯელებისთვის - დახვრეტისთვის გაიმეტა! როცა ტექსტს შეუვალი ხმით ვკითხულობდი, ეს ახალგაზრდები სასიკვდილოდ მაინც მენანებოდნენ!


- როგორ მოხვდით ეროვნული კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა რიგში?


- შინაგანად ვიზიარებდი საქართველოს ეროვნული თავისუფლების იდეას, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ წინ წამოწია და თავიდანვე უანგაროდ, გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ბატონ ზვიად გამსახურდიას. როცა მის წინააღმდეგ შეიარაღებული გადატრიალება დაიწყო, ყოყმანის გარეშე მივაშურე უზენაეს საბჭოს, საიდანაც გადაცემები მიმყავდა! გადატრიალების შემდეგაც არ დამითმია და არაერთი რეპრესიის მიუხედავად, ხმამაღლა გამოვხატავდი პოზიციას. დღემდე მიმაჩნია, რომ ზვიადი ქმნიდა ეროვნულ და სამოქალაქო საწყისებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელიც მსოფლიოში ღირსეულ ადგილას დაიჭერდა, მაგრამ არ აცალეს! მასთან არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა, იმის მიუხედავად, რომ ტელედეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნის შემოთავაზებაც მქონდა, თუმცა უარი შევკადრე. როცა გროზნოდან დაბრუნდა, ზუგდიდში ჩავაკითხე და ბოლომდე მის გვერდით ვიყავი, მერე კი, როცა მდევნელებს სამეგრელოს ტყეებში გაარიდა თავი, ფეხით დავბრუნდი უკან!


- სიცრუის ტირაჟირების თანამედროვე მექანიზმებს როგორ აფასებთ?


- ზუსტად შემიძლია გამოვიცნო, როდის გადმოსცემს წამყვანი ცრუ ინფორმაციას. სიცრუის ტირაჟირების თანამედროვე უმძლავრესი მანქანა არის „რუსთავი-2", რომლის დირექტორიც რეჟიმისდროინდელი მთავარი პროკურორი ნიკა გვარამიაა, ვინც თავის დროზე თავად იყო განუკითხაობის შემოქმედი და ახლა ფარისევლურად ცდილობს თავის დაჩაგრულად წარმოჩენას. ალღო არასოდეს მიღალატებს, ამოვიცნო, ტელეჟურნალისტის მიმიკის და ჟესტიკულაციის მიღმა სიმართლე დგას, თუ ტყუილი. სამწუხაროდ, ტელეჟურნალისტები სრულყოფილ განათლებსაც ვერ იღებენ. ჟურნალისტი არ არის ვალდებული რომელიმე საგანი კვალიფიციურად იცოდეს, მაგრამ ზედაპირულად მაინც უნდა ერკვეოდეს საკითხში, რასაც აშუქებს! ჩვენში კი, რა ხდება? არაკომპეტენტურობის ბუმია! ცილისწამების ბუმია! პატიოსან ადამიანს საჯაროდ დააბრალებენ რაღაცას და თავის მართლების საშუალებასაც არ აძლევენ. ამას უწოდებენ აზრის თავისუფლებას!


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი