logo_geo
ირაკლი ლექვინაძე: ტაქსებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებას ვგეგმავთ
- +

23 იანვარი. 2017. 18:18


 


თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ქალაქში არსებული მოძრაობის დარეგულირებასთან დაკავშირებით საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში იმატა ტაქსების რაოდენობამ, რომლებიც ყოველგვარი რეგულაციების გარეშე მოძრაობენ.  


„დღეს მოძრაობის სფერო აბსოლუტურად დაურეგულირებელია. ჩვენ გვინდა შევქმნათ მოდელი, სადაც გარკვეული თამაშის წესები იქნება შექმნილი. ეს იქნება ლიცენზირება, სანებართვო სისტემა თუ სხვა ტიპის რეგულირება. ჩვენ ვიცით, ზოგადად, ბაზარზე არსებული სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა და კონცეფციის დეტალები გვაქვს. ბაზარი არის დაურეგულირებელი. ვისაც დღეს ტაქსით მოძრაობის სურვილი აქვს, ამაში ხელს ვერავინ შეუშლის. ტაქსები, ძირითადად, თბილისში არარეგისტრირებული ავტომობილები არიან. ავტომობილების უმრავლესობა 20 წლის ასაკობრივი ჯგუფისაა და საკმაოდ მოძველებულია. ბაზარზე მცირე წილი უჭირავთ ორგანიზებულ კომპანიებს, რომლებსაც ან საკუთარი ტაქსოპარკი ჰყავთ, ან ისეთ ავტომობილებს უწევენ ოპერირებას, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებში ჯდება. სხვა მხრივ, რეგულაციები არ არსებობს, არც მძღოლის მიმართაა მოთხოვნები. მათი წრე, ვინც დღეს ამ საქმითაა დაკავებული, საკმაოდ დიდია, რომლისთვისაც ის შემოსავალი მნიშვნელოვანია. ტაქსი მათი თვითდასაქმების ერთ-ერთი სექტორია. თვითდასაქმებულების დიდი ნაწილი დღეს ტაქსების სფეროშია ჩართული", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.


მერის მოადგილის განმარტებით, ბაზრების რეგულაციის კონკრეტული გეგმა არ არსებობს, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს ლიცენზირება ან სანებართვო სისტემა.


„ჩვენ ვფიქრობთ, ზოგადად, ბაზრის რეგულირებაზე. ეს იქნება ლიცენზირება, სანებართვო სისტემა თუ სხვა ტიპის რეგულაციები. როდესაც დოკუმენტი მზად გვექნება, ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ. ჯერჯერობით, ვფიქრობთ, რომ ბაზარი გავხადოთ ორგანიზებული და რეგულირებული. ფორმა კი, როგორ გავაკეთებთ ამას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა დოკუმენტზე მუშაობას დავასრულებთ", - აღნიშნავს ლექვინაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი