logo_geo
ნანი ბრეგვაძე: სიმღერის შეგრძნება ყოველთვის განსხვავებული სამყარო იყო ჩემთვის
- +

23 იანვარი. 2017. 22:17


 

 

მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრა, პიანისტობაზე ოცნებობდა. მერე პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში მღეროდა და მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა. პარიზში მიიწვიეს, სადაც ორი თვის მანძილზე სახელგანთქმულ "ოლიმპის" დარბაზში გამოდიოდა. შემდეგ კი იყო "რერო" და "ორერა". წარმატებები მუდამ თან სდევდა. ნანი ბრეგვაძემ მთელი საბჭოთა კავშირი და თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. ბრეგვაძე ჟურნალ გზასთან მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ გახდა მომღერალი.


„არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სასიამოვნო ემოციები დღემდე მომყვება. საოცარ მუსიკალურ გარემოში გავიზარდე. დეიდაჩემი - ქეთევან მიქელაძე პროფესიონალი მომღერალი გახლდათ. როცა ის სიმღერებს სწავლობდა, მეც უნებურად ვიმახსოვრებდი. ექვსი წლისა გიტარაზე ვუკრავდი, მხრებზე მოსასხამს მოვიგდებდი და ძალზე მგრძნობიარედ ვმღეროდი ქართულ და რუსულ რომანსებს. ჩემი ჭკუით, სტუმრებს ვბაძავდი, თან ვცდილობდი, არტისტული ვყოფილიყავი. მახსოვს, როგორ იცინოდნენ უფროსები, როდესაც ვმღეროდი. აბსოლუტურად არ მესმოდა რუსული, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, რომ გრძნობით ვიმღერე.

 

მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე ვცხოვრობდით. მახსოვს, ჩვენი ეზოს მზიანი კვირა დღეები. რადიოდან მუსიკა სულ ისმოდა. მერე ჩვენი ქუჩის ბავშვები სპექტაკლებს ვდგამდით და ვმღეროდით. ცამეტი წლის ვიყავი, როცა კოტე მესხის ქუჩიდან გრიბოედოვზე გადმოვედით თოთხმეტ კვადრატულ მეტრ ოთახში, მაგრამ ის დრო ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მოსაგონარია. პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. რუსთაველზე, მაღაზია "ლუქსის" თავზე ჩემი კლასელი, ნათელა ჯავახიშვილი ცხოვრობდა. თანაკლასელები მასთან ხშირად ავდიოდით. დავჯდებოდი პიანინოსთან, ჩემი კლასელები ფანჯრებს გამოაღებდნენ და მე ვმღეროდი... ქვემოთ, ქუჩაში ხალხი ჩერდებოდა და მისმენდა. სიმღერას რომ დავამთავრებდი, მთხოვდნენ, გამოიხედეო. მეც გავდიოდი და თავს ვუკრავდი. ტაშით მაჯილდოებდნენ ხოლმე.

 

კონსერვატორიაში სწავლისას, როცა ფორტეპიანოზე რაიმე ნაწარმოები არ გამომდიოდა, ჩემი პედაგოგი, გაიანე მაჭუტაძე მეტყოდა ხოლმე: აბა, იმღერე ეს ფრაზა. ვიმღერებდი და ყველა პრობლემა იხსნებოდა. სიმღერის შეგრძნება ყოველთვის განსხვავებული სამყარო იყო ჩემთვის. მიზანი ერთი მქონდა, დამემთავრებინა კონსერვატორია და პროფესორ მაჭუტაძის ღირსეული აღზრდილი ვყოფილიყავი. დავამთავრე და, გავხდი მომღერალი" ,- იხსენებს ბრეგვაძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი