logo_geo
„როცა ამბობ, რომ „წინწყაროზე“ უფრო რთული სიმღერა არ შექმნილა ქართული ფოლკლორის ისტორიაში, უგუნურებაა…“
- +

24 იანვარი. 2017. 23:08



მომღერალი თამარ ჭოხონელიძე „პრაიმ ტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში შემოქმედებაზე და ქართულ ტელევიზიაზე საუბრობს. ჭოხონელიძემ ასევე ხაზგასმით ისაუბრა პროექტ „ნიჭიერზე" და ჟიურიზე.

 

თამარ ჭოხონელიძე: 2016 წელი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. დედა, რომელიც ხშირად არის თავისი შვილების პრემიერებზე დაპატიჟებული, არ შეიძლება უკმაყოფილო იყოს განვლილი წლის. კოკოს ჰქონდა ძალიან ბევრი სპექტაკლი, რამდენიმე პრემიერაც. მარიამს ჰქონდა სასიამოვნო სიახლეები, გარდა იმისა, რომ გამოდიოდა ძალიან საინტერესო კონცერტებზე, ჩააბარა ოზიმოს აკადემიაში იტალიაში და ძალიან რთული კონკურსი გაიარა ამისთვის. თავისთავად ძალიან კარგი მოვლენა იყო ჩემი ვარსკვლავის გახსნა. კიდევ ერთხელ დასტური მივიღე ხალხისგან, რომ ძალიან ვუყვარვარ... ცუდიც იყო ეს წელიწადი, იმდენ ზიზღსა და დაპირისპირებას ვხედავ ქვეყანაში... ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება გავიხსენო. დაიღალა ხალხი და მეც ამ ხალხის წარმომადგენელი ვარ. აღარ გვინდა ამდენი დაპირისპირება, ზიზღის ენით ლაპარაკი.

 

- იმედგაცრუებული ხართ?


- არ ვარ ფსიქოტიპი, რომელიც მარტივად გაიტეხს გულს და იმედსაც დაკარგავს. მინდა დავინახო კარგიც. მაგრამ სხვა ფაქტის წინაშე ვდგები, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებს, ტოქშოუებს ვუყურებ. სადაც არ უნდა გადავრთო, ყველა არხზე ზიზღის ენით ლაპარაკობენ. ეს ძალიან მთრგუნავს.


- გასართობი შოუებიც ხომ გვაქვს...


- ასეთი შოუები არ მაინტერესებს, არ მინდა ვიღაცამ თავისი შოუთი მიწამლოს, თავად შემიძლია, ვუწამლო საკუთარ თავს. თან ამ გასართობი შოუებიდან, 80% ისეთი მდაბიო ხარისხისაა...


- არც მუსიკალურ შოუებს არ უყურებთ ინტერესის თვალსაზრისით მაინც?


- მუსიკალური შოუები, რა თქმა უნდა, მაინტერესებს. პირველ რიგში, მაინტერესებს და ველოდები, რამდენი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში. ეს მხოლოდ მახარებს, მაგრამ მუსიკალური შოუებიდან ზოგჯერ ისეთი შეფასებები მესმის ჟიურის წევრებისგან, შეურაცხყოფილი ვარ. ამ შოუებს მხოლოდ საქართველოში არ უყურებენ, ამიტომ მინდა, კომპეტენტური აზრი ისმოდეს ჟიურის მხრიდან. მესმის ფრაზები, რომელიც გულს გაგიხეთქავს, მტკნარ სიცრუეს ამბობენ. მათი კომენტარი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაც წამოროშონ. ეს შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველია. ამას უყურებს რამდენიმემილიონიანი საზოგადოება და მე, როგორც მუსიკოსს, მრცხვენია, რომ არაკომპეტენტური აზრი ისმის ჟიურის მხრიდან.

 

- მაგრამ, ეს ხომ არ არის პროფესიონალი მომღერლების კონკურსი, „ნიჭიერს" გულისხმობთ, ალბათ, როგორც მივხვდი...


- მხოლოდ „ნიჭიერს" არ ვგულისხმობ. რა მნიშვნელობა აქვს, პროფესიონალს აფასებ თუ არაპროფესიონალს, როცა ამბობ, რომ „წინწყაროზე" უფრო რთული სიმღერა არ შექმნილა ქართული ფოლკლორის ისტორიაში, ეს უგუნურებაა...


- ნიკა გვარამიას ფრაზაა, თუ არ ვცდები...


- რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ფრაზაა, მთავარია, რომ მტკნარი სიცრუეა. თუნდაც ის რომ „ნადი" ნიშნავს შრომის პროცესს (დასავლეთში მას „ნადი" ეწოდება და აღმოსავლეთში - „მამითადი") და შენ კონკურსანტს ეუბნები, რომ „ნადური" სიმღერა ბრძოლის სიმღერაა, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია. ამას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა იმ არაქართველი ხალხისგან, ვისაც, უბრალოდ, უყვარს შენი ფოლკლორი და, სამწუხაროდ, შენზე მეტი იცის შენი ქვეყნის ფოლკლორზე... მე შემრცხვა. არაპროფესიონალები მუსიკალურ შოუებში არ უნდა აფასებდნენ კონკურსანტს. მაღიზიანებს ისიც, რომ ზოგიერთ კონკურსანტს დაუმსახურებლად წამოუდგებიან ხოლმე ჟიურის წევრები ფეხზე. რაც არ უნდა მტკივნეულად გაჟღერდეს ეს ჩემგან, ჯობია, რომ ეს ვიღაცამ თქვას. იაფფასიან ნომრებზე წამოხტომები და ისტერიები, ლამაზი არ არის, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ნიჭიერისა და ძალიან ნიჭიერის გარჩევა ერთმანეთისგან, ვერ მოატყუებ!


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი