logo_geo
ეკა სეფაშვილი: პრემიერის გაეროს სხდომაზე გამოსვლა საქართველოს რეპუტაციისა და იმიჯის განმტკიცებისათვის იქნება მნიშვნელოვანი
- +

25 სექტემბერი. 2023. 09:45

 

 

„ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ასევე საქართველოს რეპუტაციისა და იმიჯის განმტკიცებისათვის“, - ასე აშეაფასა პარლამენტარმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა. „ხალხის ძალის“ წარმომადგენლის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მესიჯი იქნა გაჟღერებული.

 

„მათ შორის კი, ჩემი აზრით, ყველაზე საყურადღებო საქართველოს მშვიდობის პოლიტიკაზე აქცენტირება იყო. მან თქვა, რომ საქართველოს აღმასრულებელი გუნდი ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს და რომ ჩვენს ქვეყანას, სხვადასხვა მისიებში მონაწილეობით, საკუთარი წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიოში უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცების საკითხში. პრემიერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას საქართველო მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზებით ცდილობს და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ღარიბაშვილის გამოსვლაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილიც, სადაც მან ევროინტეგრაციის საკითხზე ისაუბრა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შესრულდეს და რომ ჩვენი ქვეყანა იმსახურებს იმ სტატუსს, რომელიც შარშან ასე დაუმსახურებლად არ მოგვცეს. სწორი აქცენტირება მოხდა, როცა მან გლობალურ საზოგადოებას საქართველოს მიღწევები გააცნო და გამოვყოფდი იმ ნაწილს, სადაც პრემიერი საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებულ ძალიან ღირსეულ პოზიციებს შეეხო, რომლებითაც ჩვენ არა მხოლოდ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებსაც ვუსწრებთ და, რიგ შემთხვევებში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი. პრემიერმა მთელს მსოფლიოს დაუსაბუთა, რომ მრავალი თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ჰაბია, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სხვადასხვა ეკონომიკური ინტერესების თანხვედრა ჩვენს ქვეყანას, გლობალურ მოთამაშედ აქცევს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ ირაკლი ღარიბაშვილის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლა მნიშვნელოვანი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, ასევე საქართველოს რეპუტაციისა და იმიჯის განმტკიცებისათვის“, - აცხადებს „რეპორტიორთან“ საუბარში ეკა სეფაშვილი.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=214967

 

 

big_banner
არქივი