logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ლართან დაკავშირებით ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს
- +

30 დეკემბერი. 2016. 22:35



„ეს არის პირდაპირ ფუნდამენტურად გამომხატველი იმ სიტუაციის, რაც დღეს გვაქვს სავაჭრო პარტნიორებთან", -ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხდა. კვირიკაშვილმა, საუბრისას აღნიშნა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ხელოვნურად იყო შექმნილი. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღეს უკვე არის მიღწეული გარკვეული წონასწორობა.


„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ  ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, დაეკავშირებინათ ეს დევალვაცია იმ ნაბიჯებთან, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟური კომპონენტი გაუფასურების ბოლო დღეების განმავლობაში მოიხსნა და დაბრუნდა ლარი იმ ნიშნულზე, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან არსებულ სიტუაციებთან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბრალიც დავდო იმ ადამიანებს, რომლებიც ხელოვნურად ქმნიდნენ ამ აჟიოტაჟს. ის აჟიოტაჟური 0,15 თუ 0,2, რომელიც გაუფასურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაბრუნდა მერე მაჩვენებელზე, იყო მთლიანად, აბსოლუტურად აჟიოტაჟური ელემენტი. ეს ცხადიც არის. დღევანდელ დღეს ეს არის გარკვეულ დონეზე დასტაბილურებული.

 

ეს არის პირდაპირ ფუნდამენტურად გამომხატველი იმ სიტუაციის, რაც დღეს გვაქვს სავაჭრო პარტნიორებთან. ეს არის თურქული ლირა, ეს არის უკრაინული გრივნა, რუბლი, მანათი და ასე შემდეგ. დღეს რომ გვქონდეს უფრო მყარი ეროვნული ვალუტა, ამის მოსმენა ძალიან ძნელია ადამიანებისთვის, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქვეყნის ექსპორტს, ქვეყნის სავაჭრო კონკურენტუნარიანობას. როდესაც ზარალზე ვსაუბრობ, აქ არ არის მხოლოდ ერთდღიან ზარალზე საუბარი, საუბარია, რომ ეს ხელს შეუწყობდა კიდევ უფრო იაფი იმპორტის წამოსვლას და კიდევ უფრო გაუფასურებას ეროვნული ვალუტის. ამიტომ დღეს არის გარკვეული წონასწორობა მიღწეული. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დოლარის მომავალ პოზიციაზე. ჩვენ ვერ მოვატყუებთ ჩვენს მოსახლეობას",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, „ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ჩავკეტოთ ბაზარი, რადგან გავხდებით მძევლები ადგილობრივი მეწარმეების."


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ხელს უწყობს, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს ,  სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს.


„ჩვენ ვუწყობთ ხელს სახელმწიფო ინსტრუმენტებით ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესს. ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დამოკიდებული დოლარის პოზიციაზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში და საშუალო ვადაში დოლარზე დამოკიდებულების შემცირება არის ჩვენი სტრატეგია. ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ და ხელს ვუწყობთ, რომ ადგილობრივი წარმოება გაძლიერდეს, ჩვენი სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდეს. ეს არის რაც ჩვენ შეგვიძლია. რომ არის საუბარი, მთავრობა რას აკეთებს - მთავრობას აქვს ინსტრუმენტები, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდინოს სტაბილიზაცია და ამას ხელს ვუწყობთ, ვაკეთებთ გეგმაზომიერად, ჩვენი მთელი მომავალი რეფორმების არსიც მაგაშიც მდგომარეობს, რომ ქართული ეკონომიკა გავაძლიეროთ, არა მახინჯი პროტექციონისტული მეთოდებით, არამედ სწორი ინსტრუმენტებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის ვარდნა ძალიან მძიმედ ურტყამს მოსახლეობას და ბიზნესს.


„რა თქმა უნდა, ეს არავისთვის არ არის კარგი. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეების სესხები არის აბსოლუტურად დოლარიზებული, 65%-ზე მაღალია ქვეყანაში საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, როდესაც შემოსავლები გაქვს ეროვნულ ვალუტაში, ძალიან მძიმედ ურტყამს ეს მოსახლეობას და ასევე ბიზნესს, რომელსაც ანალოგიურად სესხი აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

big_banner
არქივი