logo_geo
ნანა კაკაბაძე: შევარდნაძის დროინდელი კორუფცია სააკაშვილის ელიტურმა კორუფციამ ჩაანაცვლა
- +

24 ნოემბერი. 2023. 17:10

 

 

„შევარდნაძის პერიოდში მართლაც იყო პრობლემები, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ეს იყო - კორუფცია, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებდა, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობის შემდეგ მივიღეთ ელიტური კორუფცია, რამაც საერთოდ ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფოებრიობა“, - აცხადებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე. როგორც მან „რეპორტიორს“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის შეფასებისას განუცხადა, შევარდნაძის მმართველობა ხალხისთვის მართლაც მოსაბეზრებელი იყო და სწორედ ამით ისარგებლეს „გადამტრიალებლებმა“ - სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ.

 

„პრობლემები იყო თავისთავად, მაგრამ ეს პრობლემები 23 ნოემბრის შემდგომ არათუ არ მოგვარებულა, არამედ ვითარება ქვეყანაში კატასტროფულად დამძიმდა. შევარდნაძის დროს ქვეყანაში შეიქმნა დამოუკიდებელი მედია, სადაც ნებისმიერ რიგით მოქალაქესაც კი შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა და პოზიციის დაფიქსირება, იმავე პერიოდში ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები იყვნენ და ქვეყანაში ამინდს ქმნიდნენ, მუშაობდა ომბუდსმენის ინსტიტუტი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, ეს საუკეთესო პერიოდი იყო. რა ხდება სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა, ჩართული იყვნენ მედია და არასამათავრობო ორგანიზაციები? მოხდა ის, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში და არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად დაცარიელდა. ისინი ან პოლიტიკაში  მოვიდნენ და თუკი ვინმე შემორჩა სექტორს, ყველანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის „ჯიბის არასამთავრობოებად“ გაიქცნენ. რაც შეეხება მედიას, დამოუკიდებელი მედიები დაიხურა, მათ შორის ტელეკომპანია „იბერია“, ტელეკომპანია „იმედი“ კი, სასტიკად დაარბიეს, ასფალტზე დაყარეს ჟურნალისტები (მათ შორის, ფეხმძიმე ჟურნალისტი) და მათ ხელკეტებით გაუსწორდნენ. დამოუკიდებელი გაზეთები ბაზრიდან გაქრა, ყველა მათგანი ხელისუფლების სამსახურში ჩადგა, ან დაიხურა. დამორჩილებულ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს დიქტატიც აღარ სჭირდებოდათ, მათ თავად გაუჩნდათ თვითცენზურა და თავადვე დაიწყეს საკუთარი სიტყვის გაკონტროლება. ხელისუფლებამ მმართველობის სტილად საზოგადოების დაშინება აირჩია, რაც გამოიხატება ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების რაოდენობაში. ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე 200-მდე ადამიანი გამოაცხადეს კრიმინალად და ქუჩაში ჩახოცეს! არ უნდა დაგვავიწყდეს და კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, როგორი სასტიკი რეჟიმი დააწესეს მათ ციხეებში, სადაც პატიმართა წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და გაუპატიურება დაიწყეს... პატიმართა რაოდენობითა და სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ვიყავით და პატიმართა მიმართ მოპყრობა იმდენად სასტიკი იყო, რომ სწორედ ამის ხარჯზე იკლო კრიმინალმა. ადამიანებმა კარგად იცოდნენ, რომ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში, იქიდან გაუბედურებულები გამოვიდოდნენ, თუკი საერთოდ გამოვიდოდნენ ცოცხლები“, - ამბობს ნანა კაკაბაძე.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219279

 

 

big_banner
არქივი