logo_geo
დერმატოლოგი: არ უნდა მოხდეს აკნეს მექანიკური გაღიზიანება, რადგან ეს მათ მეტად წარმოქმნას უწყობს ხელს
- +

3 დეკემბერი. 2023. 09:49

 

 

კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება - აკნე გარდა იმისა, რომ  ვიზუალურადაა თვალშისაცემი და შემაწუხებელი, ხშირად ადამიანის თვითშეფასებაზე, ხასიათსა და განწყობაზეც უარყოფითად აისახება. დერმატო-კოსმეტოლოგ ქეთი ფაცურიას თქმით, ის ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა, რომელიც ყველაზე ხშირად სქესობრივი სიმწიფის, ანუ გარდატეხის ასაკში ვლინდება.

 

„მისთვის დამახასიათებელი ნიშნებია ცხიმიანობის ზრდა, ცხიმგროვებისა და ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილი იყოს როგორც შავი წერტილების, ისე ღია ფერიმჭამელებისა თუ თეთრი, დახურული ელემენტების სახით. მისი სალოკალიზაციაო ადგილებია - თავის თმიანი არე, სახის არე, გულმკერდისა და ზურგის მიდამოები. აკნე ყველაზე ხშირად სქესობრივი სიმწიფის პერიოდთანაა თანხვედრაში... მისი წარმოქმნის მიზეზი შესაძლოა გახდეს როგორც ანდროგენების სასქესო ჰორმონების წარმოქმნა ორგანიზმში (რაც ცხიმიანობის ზრდას განაპირობებს), ასევე პროპიუმ ბაქტერია, რომელიც კანზე ბინადრობს და რომლის არსებობის შედეგადაც კანზე ანთებითი პროცესები წარმოიქმნება. მოზარდობის პერიოდში აკნე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რადგანაც ჰორმონების - ანდროგენებისა და ტესტოსტერონების გამოყოფა მოჭარბებულია, რის შედეგად იმატებს ცხიმოვანი ჯირკვლების  ჰიპერსეკრეცია, ანუ, სახის კანი მეტ ცხიმს გამოყოფს და ბაქტერიებისთვისაც ხელსაყრელი პირობები წარმოიქმნება. მშობლებს ვურჩევდი, რომ მათი შვილებისთვის სწორად შეარჩიონ შესაბამისი მოვლითი საშუალებები, ანუ, სახლის პირობებში მკურნალობის შემთხევაში პრობლემური კანისთვის შეარჩიონ ის პროდუქტები, რომლებიც უზრუნველყოფს გამონაყარის მეტ-ნაკლებ ლოკალიზაციას. აუცილებელია ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, სახის ყოველდღიური დაბანა და დამუშავება, რათა მოშორებულ იქნას ჭუჭყი, კანის მკვდარი უჯრედები და ზედმეტი ცხიმი, აუცილებელია, რომ მექანიკურად არ მოხდეს მისი გაღიზიანება (წვალება), რადგან ეს აუცილებლად უკუშედეგს გამოიღებს და მათ წარმოქმნას მეტად შეუწყობს ხელს. მშობელმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი შვილს, რათა მან აირჩიოს ჯანსაღის ცხოვრების წესი, იკვებოს სწორად, მიიღოს დიდი რაოდენობით წყალი, „ჯანქ ფუდსა“ და ტკბილ, გაზიან სასმელზე თქვას უარი, ეს ყოველივე აუცილებელი პირობაა აკნეს მკურნალობის დროს. მესმის, რომ დღეს ბევრ ადამიანს არ აქვს საშუალება, მიმართოს სპეციალისტს და მკურნალობისთვის ძვირადღირებული საშუალებები შეიძინოს, მაგრამ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე თავის მოვლის ბიუჯეტური საშუალებები და მედიკამენტები დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი და მათი მეშვეობითაც შეიძლება აკნეს მოვლა და მკურნალობა“, - აცხადებს დერმატოლოგი „რეპორტიორთან“ საუბარში.  

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=219715

 

 

big_banner
არქივი