logo_geo
ბახვა ბრეგვაძე: ნაძვის ხის აწყობის პროცესში აუცილებლად ვმონაწილეობ
- +

2 იანვარი. 2017. 15:08



 

 

მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტს ბახვა ბრეგვაძეს საზოგაოდება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" იცნობს. მან როგორც ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში აღნიშნა, 2016 წელი მისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა და ბევრი ახალი შემოთავაზებაც მიიღო. მან ფილმ „მხიარულ არდადეგებში" ითამაშა და მალე ახალ ფილმზეც დაიწყებს მუშაობას, რომელშიც ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟის როლს მოირგებს. ახალი წელი მისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და ნაძვის ხის მორთვაშიც იღებს მონაწილეობას.


„მას შემდეგ, რაც ერთ დღესაც გავიღვიძე და შოუბიზნესის სახე აღმოვჩნდი, ახალ წელს სახლში აღარ ვხვდები. წელს დახურულ ღონისძიებას წავიყვან. ბავშვობაში ახალ წელს სახლში ვხვდებოდი და მეორე დღეს მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად მთაში, გუდაურში ან ბაკურიანში მივდიოდი.

 

ეს დღესასწაული ისე მიყვარს, მგონია, რომ ამ დროს ჩემსავით ყველა კარგ ხასიათზეა და პრობლემებს ივიწყებენ იმისთვის, რომ მომდევნო წელი პოზიტიურად წარიმართოს. ყველა დაკავებულია სახლის მორთვითა და საჩუქრების შერჩევით, ვგიჟდები ამ პროცესზე. სხვისთვის უფრო მიყვარს სიურპრიზების გაკეთება, ვიდრე საჩუქრების მიღება, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

 

სახლში თუ ვარ, ნაძვის ხის აწყობის პროცესში აუცილებლად ვმონაწილეობ. ძალიან პრეტენზიული ვარ, მორთულობა თუ არ მომწონს, აუცილებლად ვასწორებ. ყოველ წელს ნაძვის ხისთვის ახალ სათამაშოს ვყიდულობ. მეკვლედ კი მას ვიღებთ, ვინც შემთხვევით მოვა. ჩემს ოჯახში ძაღლიც ყოფილა მეკვლედ. მეუბნებიან, კარგი ფეხი გაქვსო და უკვე წლებია რამდენიმე ოჯახის მეკვლე ვარ", - ამბობს ბრეგვაძე.

 

სამზადისში მონაწილეობას ის პროდუქტების შეძენით იღებს. საახალწლო სუფრიდან კი განსაკუთრებით საცივი უყვარს.


„პროდუქტებს მე ვყიდულობ, შესაბამისად, რა უნდა მომზადდეს, ამის შეკვეთის უფლებაც მაქვს და მენიუში ყოველთვის ვერევი. საცივზე ვგიჟდები! დედაჩემი ინდაურს არაჩვეულებრივად წვავს და განსაკუთრებულ სოუსსაც ამზადებს. 12 საათი სანამ შესრულდება, ნახევარი ინდაური უკვე შეჭმული მაქვს. ამის გამო დედა სულ მეჩხუბება.

 

ახალი წელი დადგება თუ არა, ჯიბეებს კანფეტებით ვივსებ და მეგობრებთან გავრბივარ, თან გზადაგზა ტკბილეულს ვარიგებ. წონის პრობლემა ყოველთვის მაქვს, ამიტომ ორგანიზმს ვამზადებ და უმკაცრეს დიეტაზე ვარ, რადგან ვიცი, ახალ წელს რასაც მოვახდენ", - ისაუბრა ინტერვიუში ბახვა ბრეგვაძემ.

 

„ზაფხულში საფრანგეთში მივდივარ. იქ ნიუ იორკის კინოაკადემიის ფილიალია, სადაც მსახიობის ოსტატობას დავეუფლები", - აღნიშნა ინტერვიუში მან და 2017 წლის მოლოდინებზე ისაუბრა.

 

„ჩემი ცოლის დაქალებში" რომ გამოვჩნდი და „სარკეს" მივეცი პირველი ინტერვიუ, მაშინ ვთქვი, მსახიობობა მალე მომბეზრდება-მეთქი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჩემი მსახიობობა სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა და ვფიქრობ, ამ სფეროში კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, 2017 წელს ბევრ საინტერესო როლს ველოდები და გპირდებით, ყველაფერს კარგად გავართმევ თავს. ზაფხულში საფრანგეთში მივდივარ. იქ ნიუ იორკის კინოაკადემიის ფილიალია, სადაც მსახიობის ოსტატობას დავეუფლები. არაპროფესიონალი მსახიობის სტატუსი აღარ მექნება", - აღნიშნა ბრეგვაძემ.

 

„30 წლის ასაკში გონებრივად, ალბათ, მზად ვარ დაოჯახებისთვის, მაგრამ გარე ფაქტორები მიშლის ხელს, მათ შორის ბანკის სესხიც", - თქვა ინტერვიუში მან და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

 

„მეგობრებისთვის და პირადი ცხოვრებისთვისაც ძალიან ცოტა დრო მაქვს, ამ ეტაპზე ასეა საჭირო. მეც და ჩემს ოჯახსაც გვჭირდება, რომ მაქსიმალურად დატვირთული ვიყო. ბევრი შემოსავალი მჭირდება.

 

ძალიან ხშირად ვარ შეყვარებული, თუმცა რატომღაც ურთიერთობა არ გრძელდება ხოლმე. ხან ისე არ ეწყობა საქმე, რომ სათანადოდ გაგრძელდეს ან სხვა მიზეზი ჩნდება.

 

30 წლის ასაკში გონებრივად, ალბათ, მზად ვარ დაოჯახებისთვის, მაგრამ გარე ფაქტორები მიშლის ხელს, მათ შორის ბანკის სესხიც და ამ ყველაფერს რომ მოვაგვარებ, ცოლის მოყვანაზეც ვიფიქრებ. ისე თუ შემიყვარდა გოგო, რომ ბანკის ვალებიც დამავიწყა, აუცილებლად მოვიყვან ცოლად", - აღნიშნა ინტერვიუში ბახვა ბრეგვაძემ.  

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი