logo_geo
„ყვავილებთან ბალახს გლეჯდა და ძირებს უფხვიერებდა“ - დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილის გაცნობას იხსენებს
- +

24 ნოემბერი. 2016. 15:08

 

 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის გაცნობასა და მასთან ურთიერთობაზე საუბრობს.


„ერთ მშვენიერ დღეს, 2006 წელი იყო, მთხოვეს, პაციენტი მენახა ბინაზე. მცხეთაში, სახლში, მომაკითხა მანქანამ და წავედით შეკვეთილში. მაშინ ბატონ ბიძინას არ ვიცნობდი და არც ფოტოზე მენახა. ეზოში რომ შევედით, იქ, ბაღში, ადამიანები მუშაობდნენ. რთული იყო გარჩევა, ვინ იყო უფროსი, სახლის მეპატრონე და ვინ - უბრალო დამხმარე. ერთ-ერთი მომიახლოვდა და მას გააცნეს ჩემი თავი. დავიბენი, რადგან ის, როგორც სხვები, ისე მუშაობდა.

 

თუ არ ვცდები, ყვავილებთან ბალახს გლეჯდა და ძირებს უფხვიერებდა ხელით. არც ჩაცმულობით გამოირჩეოდა. მერე შევედით სახლში და კონსულტაცია გავუწიე. მის შვილს ყური აწუხებდა.

 

შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გასცდა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას და მეგობრობაში გადაიზარდა. იყო შემთხვევები, როცა სადილზე უბრალოდ სასაუბროდ ვყოფილვარ მასთან.

 

ერთხელ მითხრა, ხომ არ მოსინჯავდი საკუთარ თავს პოლიტიკაშიო. უცებ ვერ მივიღე გადაწყვეტილება, მაგრამ ვიგრძენი, ჩემს დათანხმებას ბევრი აღარაფერი სჭირდებოდა", - აღნიშნა ხუნდაძემ.

 

ოჯახური თათბირის შემდეგ კი ის, ბიძინა ივანიშვილის შემოთავაზებას დათანხმდა.

„ჩემმა უფროსმა ბიჭმა მითხრა, თუ შენ ამის გაკეთება შეგიძლია და არ გააკეთებ, მართალი არ იქნებიო. ჩემი მეუღლეც დაეთანხმა. მაშინვე ავიღე ტელეფონი და დავურეკე ბატონ ბიძინას, მზად ვარ-მეთქი", - დასძინა დიმიტრი ხუნდაძემ.















 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი