logo_geo
ირაკლი ქარსელაძე: დედაქალაქი უნიკალურ საჯარო სივრცეს მიიღებს!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 16:27


 

„თანაინვესტირების ფონდის" ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დეტალურად ხსნის „პანორამა თბილისის" ზედა ნაწილის გეგმას და აღნიშნავს, თუ რატომ გახდა აუცილებელი თაბორის ორკილომეტრიანი ნაწილის კომპლექსისთვის დამატება.


„პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 30 ჰექტარი საჯარო აუქციონით შევიძინეთ, რომელსაც წლების წინ ასევე შეძენილი 10 ჰექტარი კომპანიამ ამ კომპლექსისთვის მიამატა. ამ მასშტაბის ტერიტორიის მხოლოდ 2 ჰექტარზე იგეგმება სასტუმროს აშენება, ისიც 2-3 სართულზე მაღალი კომპლექსის მშენებლობა თავიდანვე გამოვრიცხეთ. დანარჩენი სივრცე იქნება აბსოლუტურად რეკრეაციული ზონისთვის, სადაც გაკეთდება გოლფის მოედნები, ხელოვნური ტბა, ჩოგბურთის მოედნები, ველობილიკი და ა.შ. თაბორის ქედზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოსაწყობად. ეს იქნება ახალი ფილტვები დედაქალაქისთვის. თაბორის პროექტი წარმოადგენს სამსაფეხუროვანი სისტემის მესამე ნაწილს, რომელსაც სოლოლაკისა და თავისუფლების მოედნის კომპლექსებს საბაგირო გზით დაუკავშირდება, რასაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სხვათა შორის, პერიოდულად ვეცნობით ტერიტორიაზე ხეების მდგომარეობას და უმძიმესი ვითარებაა - ხეები გახმობის პირასაა. მთელი ამ სივრცის მოსარწყავად და ასევე ბოტანიკური ბაღის ირიგაციით სრულიად უზრუნველყოფისთვის ამერიკულმა კომპანიამ მოგვაწოდა პროექტი, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ მცენარეს წყალი, რაც მისთვის აუცილებელია. სწორედ ამ სარწყავი სისტემის მშენებლობისთვის გახდა აუცილებელი დამატებითი ტერიტორია. უნიკალური სისტემა მოეწყობა - გამოვიყენებთ მტკვრის წყალს, რომელიც ამოიტუმბება და ტერიტორიის უმაღლეს მწვერვალზე მივა. გზად დაემატება ტუმბოები იმისთვის, რომ წყლის პრობლემა ბოტანიკურ ბაღს არასოდეს შეექმნას", - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.


ირაკლი ქარსელაძემ აქვე აღნიშნა, რომ „პანორამა თბილისის" ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლებს ვერავინ ააშენებს.

 

„წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის რეკრეაციული ზონის მოწყობაზეა ლაპარაკი, ვაკის პარკის ტერიტორია 15 ჰექტარს მოიცავს, „პანორამა თბილისი" კი 40 ჰექტარ სიმწვანეს გულისხმობს, რაც უდიდესი შენაძენი იქნება დედაქალაქისთვის", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.


ირაკლი ქარსელაძემ აქვე დასძინა, რომ განვითარების არც ერთ ეტაპზე არ უფიქრიათ სახელმწიფო კუთვნილების სიმბოლურ ფასად გადმოცემაზე.


„როგორც გითხარით, ფართობი ჯერ აუქციონზე შევიძინეთ, ნაწილი კი კერძო მესაკუთრეებისგან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტერიტორიას, რომელიც ჯერ 1 ლარად არ გადმოგვცემია და მილიონობით ლარის ვალდებულებას გვაკისრებს - ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ დედაქალაქი უნიკალურ საჯარო სივრცეს მიიღებს და ამისთვის კოლოსალურ თანხას დახარჯავს. „პანორამის" ფარგლებში, რვა პროექტისთვის 680 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვაქვს საორიენტაციოდ განსაზღვრული, რომელიც მოიცავს ხუთ პროექტს დედაქალაქში, სამს კი ზღვისპირეთში - განმუხურში, შეკვეთილისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე.  კონკრეტულად „თბილისი პანორამაზე" 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია გამოიყო", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი