logo_geo
გიორგი გაჩეჩილაძე: პრეზიდენტს ჩაფიქრებული ჰქონდა...
- +

20 ოქტომბერი. 2017. 13:38



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობს. გაჩეჩილაძის თქმით პრეზიდენტის ვეტო კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივაციით იყო განპირობებული.

 

„რამდენიმე დღის წინ უმრავლესობაში შემავალი პარტიების - „ოცნების", „მწვანეების", „სოციალ-დემოკრატების", „მრეწველებისა" და „კონსერვატორების" წარმომადგენლები პრეზიდენტს შეხვდნენ. დახურული შეხვედრა გვქონდა. ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვარიანტზე რომ ვლაპარაკობდით, ის ყველაფერზე ეთანხმებოდა, ნორმალური და კარგიაო. 2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ვფიქრობ, ძაღლის თავი აქ არის დამარხული. მარგველაშვილმა იცის, რომ „ქართული ოცნება" მას მხარს აღარ დაუჭერს, თუმცა, თუ დამოუკიდებლად დააპირებს კენჭისყრას, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა დასჭირდება. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მარგველაშვილს მხარში რომ დაუდგეს, თვითონაც შესაბამისად უნდა მოიქცეს. აქედან გამომდინარე, არ დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებების ჩვენს ვარიანტს.

 

პრეზიდენტი ღიად არ აცხადებს თავის ზრახვებს. პრეზიდენტს ჩაფიქრებული ჰქონდა, ამ მოტივით ოპოზიციური პარტიების რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინა, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არ წასულიყო. ამით სახელმწიფოს რა ზიანი მიადგა, ამაზე არ უფიქრია", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


აქვე გიორგი გაჩეჩილაძემ დასძინა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე „ნაცმოძრაობასავით" აბრალებს უმრავლესობას, თითქოს ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო.


„პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში, არა მარტო საქართველოში, საქართველოს გარეთაც, როგორც „ნაცმოძრაობა", ზუსტად ისე იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას, რომ საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო, რაც, რა თქმა უნდა, სიყალბეა. უმრავლესობაში ხუთი პარტია ვართ გაერთიანებული. ამ ხუთ პარტიას სერიოზული დისკუსიები გვქონდა, რომ შევთანხმებულიყავით. მთავარი მიზანია, დღევანდელ ხელისუფლებას დაბრალდეს, თითქოს ერთპარტიული დოკუმენტი მიიღო. უმრავლესობაში შემავალმა ხუთმა პარტიამ ყველაფერი გავაკეთეთ, ხუთივე პარტიისთვის სასარგებლო კონსტიტუცია მიგვეღო", - აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი