logo_geo
„სააკაშვილმა „გადააგდო“ თვით პუტინიც კი!“ - ირაკლი გოგავა აჭარის რევოლუციის მოვლენებს იხსენებს
- +

3 ნოემბერი. 2017. 16:00



გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში პარლამენტის ყოფილი წევრი, უკრაინის ექს-პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილი მრჩეველი ირაკლი გოგავა საუბრობს, თუ რა დოზით მონაწილეობს დასავლეთი უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე და აქვს თუ არა მხარდაჭერა სააკაშვილს ევროპიდან და ამერიკიდან.


„ამერიკასა და ევროპაში ნებისმიერი ავტორიტეტიანი პოლიტიკოსი სააკაშვილთან ყოველგვარ ურთიერთობას გაურბის, რადგან მისი იმიჯი, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ძალიან შელახულია. ერთადერთი, ვინ სააკაშვილთან აქტიურად მუშაობს, ეს არის ჯონ მაკ-კეინის ჯგუფი, თუმცა, მაკ-კეინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს და სააკაშვილისთვის ძველებურად ვეღარ იცლის. ალბათ გახსოვთ, რომ მან ადრე სააკაშვილს ოდესაშიც კი ჩააკითხა, მაგრამ მიმდინარე წლის ზაფხულში სააკაშვილს თვითონვე მოუწია ამერიკაში ჩასვლა, რათა მაკ-კეინის კარზე მხარდაჭერა ემათხოვრა.

 

როგორც მოგეხსენებათ, მაკ-კეინი 80 წელს გადაცილებულია, თანაც თავის ტვინის სიმსივნით არის დაავადებული და მასთან ერთად სააკაშვილის პოლიტიკური მზეც სამუდამოდ ჩაესვენება.

 

სააკაშვილს მშვენივრად ესმის, რომ მისი მხრიდან უკრაინაში სერიოზული წარმატებაზე ფიქრიც კი უაზრობაა და ამიტომ ელოდება, როდის დაუშვებს სერიოზულ შეცდომას საქართველოს ხელისუფლება, რათა აქ დაბრუნდეს და კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს", - აცხადებს ირაკლი გოგავა.


გოგავა აქვე აღნიშნავს, თუ რამდენად რეალურია სააკაშვილის ექსტრადირება საქართველოში.


„სააკაშვილის საქართველოში  ექსტრადირება გამორიცხულია! პოროშენკოს, უბრალოდ, არ აწყობს სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება, რადგან იგი მის თამაშს თამაშობს! თუმცა, უკრაინის პრეზიდენტი ერთ რამეს ვერ ითვალისწინებს - სააკაშვილმა სხვადასხვა დროს ვისთანაც კი საერთო თამაში ითამაშა, ბოლოს ყველა „გადააგდო". დიახ, მან „გადააგდო" შევარდნაძე, „გადააგდო" ჟვანია, „გადააგდო" ბურჯანაძე და „გადააგდო" თვით პუტინიც კი!" - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


ირაკლი გოგავა აქვე აღნიშნავს, თუ როდის და როგორ „გადააგდო" პუტინი სააკაშვილმა.


„ე.წ. აჭარის რევოლუციის დროს სააკაშვილი პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასლან აბაშიძეს ბათუმიდან თუ მოაშორებდა და აჭარას ნაციონალების გავლენის ქვეშ მოაქცევდა, სააკაშვილი NATO-ში ინტეგრაციაზე უარს იტყოდა. გარდა ამისა, პირობაში შედიოდა ისიც, რომ ბათუმში ქართულ-რუსულ-ამერიკული ანტიტერორისტული ცენტრი უნდა შექმნილიყო.

 

როგორც იცით, პუტინმა შეთანხმება შეასრულა და ასლან აბაშიძე აჭარიდან გაიყვანა, მაგრამ სააკაშვილმა პირობა არ დაიცვა და NATO-ზე უარი არ თქვა. სწორედ ამ შეთანხმების დარღვევას მოჰყვა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ემბარგო, ქართველების მასობრივი დეპორტაცია და ა.შ." - განაცხადა ირაკლი გოგავამ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი