logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იმ კორპუსს საერთოდ ააფეთქებდნენ
- +

25 ნოემბერი. 2017. 15:01


 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, სამაუწყებლო კომპანია „ობიექტივის" ეთერში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს შეახსენა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ეთერის დათმობა სირცხვილია.

 

„მინდა, შევეხო იმ საშინელ ფაქტს, რომელიც თბილისში მოხდა. ვიზიარებ და ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს გარდაცვლილი სპეცრაზმელის გამო, რომელიც  სპეცოპერაციას შეეწირა.

 

მადლობა ღმერთს, მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს, სპეცრაზმელებს, რომ მინიმალური მსხვერპლით დასრულდა ის უბედურება, რასაც შეიძლება უფრო მაშტაბური ფორმა ჰქონოდა.

 

შეშფოთება მინდა გამოვთქვა იმის გამო, რომ  „ნაცმოძრაობამ" და მისმა სატელიტებმა, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, წამოიწყეს საშინელი კამპანია, რომ როგორ არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული. მგონი, მათ მეხსიერების პრობლემა აქვთ, რადგან მოსახლეობას კარგად გვახსოვს, როგორ ახორციელებდნენ ისინი ოპერაციებს და როგორ უსწორდებოდნენ მოსახლეობას.

 

საშინელება ის არის, რომ ბარამიძე, რომელმაც ნახევარი სვანეთი ლამის ააოხრა, დღეს ექსპერტად გვევლინება უსაფრთხოების საკითხებში. ეს ხალხი გვიკითხავს მორალს, რომ სპეცოპერაცია როგორც ჩატარდა, ისე არ უნდა ჩატარებულიყო. დამერწმუნეთ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, იმ კორპუსს საერთოდ ააფეთქებდნენ, იტყოდნენ, „ისლამური სახელმწიფოს" 1000 მებრძოლი იყო შიგნით და გავანადგურეთო. ამათ მორალური უფლება არ აქვთ, ისაუბრონ უსაფრთხოებაზე და ტერორიზმზე, რადგან თვითონ ყველაზე დიდი ტერორისტები იყვნენ და ტერორში ჰყავდათ ქვეყანა

 

ჟურნალისტებს შევახსენებ, რომ სირცხვილია, როდესაც მედიის წარმომადგენელი იწვევს ადამიანს ექსპერტად ისეთ საკითხებში, სადაც ამ ადამიანსვე სისხლში აქვს ხელები გასვრილი. ბარამიძე და კიდევ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები გარეთ რომ არიან, ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, რადგან ისინი ციხეში უნდა ისხდნენ და იმედი მაქვს, რომ მოვა დრო, როდესაც ყველას საკადრისი მიეზღვება", - განაცხადა მჟავანაძემ.  


 

big_banner
არქივი