logo_geo
გიორგი უძილაური: დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი სახსრებითა და ნებით აკეთებს
- +

19 დეკემბერი. 2016. 18:47


 

 

 

„ერთ-ერთმა მოქალაქემ თავის ყანაში მდგომ ხეში ითხოვა 60 000! რასაკვირველია, მას მარტივად ეთქვა უარი", - ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში საუბრობს.


მისი თქმით, დენდროლოგიური პარკისთვის ხეებს ძირითადად კერძო პირებისა და კომპანიებისგან იძენენ, ხეების ფასი კი 5 ათასის ფარგლებშია, ხოლო „გურიის მოამბის" ჟურნალისტი აბსურდულ ფასებს მხოლოდ იმიტომ ასახელებს, რომ პროცესი არ შედგეს.


„ძირითადად ხეების ფასი 5 ათასის ფარგლებშია. მხოლოდ სამი ხე იქნა შეძენილი 15 000-ად, მათი უნიკალობიდან გამომდინარე, ამას შეიძლება დაემატოს მეოთხე ხეც იმავე ფასში. „გურიის მოამბის" ჟურნალისტი სწორედ იმიტომ ასახელებს ასეთ აბსურდულ ფასებს, რომ ეს პროცესი არ შედგეს. ეს დაინტერესება ჩანს ამ სააგენტოს მთელ სამარცხვინო პოლიტიკაში ხეების გადარგვის გაშუქების მიმართ. მსგავსი ფასები არსად თქმულა, მაგრამ ჟურნალისტი მიზანმიმართულად ასახელებს ამ ციფრებს და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს. მართალია, შემოთავაზება ძალიან ბევრია და ბევრს უარს ვეუბნებით. მაგალითად, მაგნოლიაში, რომლის არჩევანიც ძალიან დიდია, 2 000-ზე მეტი არ გადაგვიხდია, ერთ-ერთმა მოქალაქემ რეკორდული ფასი მოითხოვა. მან თავის ყანაში მდგომ ხეში ითხოვა 60 000! რასაკვირველია, მას მარტივად ეთქვა უარი. დენდროპარკში 50 ხის გადმორგვას ვაპირებთ, მაშინ როცა 200-მდე ვარიანტია შემოთავაზებული. და როცა შემოთავაზებული ხის ფასის არარეალობის გამო უარს იღებენ, მოგვიანებით ზოგიერთი აცნობიერებს და უკან ბრუნდება უფრო ადეკვატური შემოთავაზებით", - განაცხადა უძილაურმა

 

მისივე განმარტებით, დენდროლოგიური პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული, ის ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია, თუმცა ივანიშვილის სურვილით, პარკი საზოგადოებრივი იქნება.


„ის, რომ პარკი კერძო ტერიტორიაზე შენდება, პრობლემა არ არის. აქამდე აშენებული პარკების ისტორიას შეგახსენებთ: ივანიშვილმა ჯერ შეისყიდა სახელმწიფოსგან მიწები, გაწმინდა, მოაწესრიგა, გააშენა პარკები და შემდეგ აჩუქა სახელმწიფოს. რაც შეეხება დენდროლოგიური პარკის საზოგადოებრიობას, დღეს ივანშვილს ამის სურვილი აქვს, მაგრამ არა - ვალდებულება. ამას ხაზს ვუსვამ! ის პარკს აკეთებს საკუთარი სახსრებითა და ნებით და არა ვინმეს მიმართ ვალდებულების გამო. მას ამ პარკის საჯაროობის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, გააჩნია მხოლოდ სურვილი და კეთილი ნება. შესაბამისად, პარკი გაიხსნება მაშინ, როცა დასრულდება მშენებლობა და ივანიშვილს დარჩება სურვილი, პარკი საზოგადოებრივი გახადოს", - განაცხადა გიორგი უძილაურმა.

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი