logo_geo
როგორ იმუშავებს „112“-ის მობილური აპლიკაციები და რამდენად დაცული იქნება მომხმარებელი კიბერთავდასხმისგან
- +

19 დეკემბერი. 2016. 22:31


 


შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაუდებელი დახმარების სამსახურის დახვეწას გეგმავს. 2017 წლიდან „112"-ის მომსახურებით სარგებლობა მოქალაქეებს უკვე მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც შეეძლებათ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, კრიმინალთან უკეთ საბრძოლველად დაინერგება "112"-ის მობილური აპლიკაცია, რაც შსს-ს აღნიშნულ სერვისს უფრო გაამარტივებს და მომხმარებლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომს გახდის.


საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს ინოვაციური სერვისი, ჩაანაცვლებს თუ არა იგი მომსახურების აქამდე არსებულ მეთოდს, რამდენად დაცული იქნება მოქალაქე ჰაკერული თავდასხმისგან? "112"-ის მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით, „კიბერ კვირას" ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახურის მენეჯერი ქეთევან კლიმიაშვილი ესაუბრა.


- რომელ სერვისებს მოიცავს „112"-ის მობილური აპლიკაცია და როგორ უნდა გამოიყენოს ის მომხმარებელმა? საინტერესოა, უცვლელი რჩება თუ არა 112-ში ზარის განხორციელების ფუნქცია?


- მობილური აპლიკაცია არის „112"-თან დაკავშირების ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი და ის არ ანაცვლებს არც ერთ არსებულ სერვისს.


აპლიკაციის შექმნის მიზანი გადაუდებელი დახმარების დროის შემცირებაა, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ინიციატორი ვერ ასახელებს მის ზუსტ ადგილმდებარეობას. მობილური აპლიკაცია მოხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფად და მარტივად გადმოაგზავნოს კოორდინატები.


მობილური აპლიკაცია შედგება შემდეგი ფუნქციებისგან:


112-თან ზარის განხორციელება;


ოპერატორთან მიმოწერა;


ჩუმი გამოძახება;


- როგორ მუშაობს აპლიკაცია და რა ტიპის ინფორმაცია უნდა შეიყვანოს მასში მომხმარებელმა?


- მობილური აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა. რეგისტრაციის გასავლელად აუცილებელია, მომხმარებელმა მიუთითოს პირადი მობილურის ნომერი, რომელიც ჩართულია და რეგისტრირებულია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორთან.


რეგისტრაციის დასრულების ეტაპზე მითითებულ მობილურ ნომერზე გამოიგზავნება აქტივაციის კოდი, რომლის სისტემაში შეყვანაც რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვისაა აუცილებელი. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი შეძლებს მობილური აპლიკაციით სარგებლობას.


- რომელ ქალაქებსა და რეგიონებში იქნება ახალი სერვისები ხელმისაწვდომი?


- აპლიკაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის.


- ტექნიკურად, რამდენად დაცულია მომხმარებლის მიერ გამოყენებული მობილური აპლიკაცია კიბერთავდასხმისგან?


- „112"-ის აპლიკაციას უსაფრთხოებას, პირველ რიგში, Google Play Store და iOS App Store სერვისები უზურუნველყოფს. ამასთან ერთად, აპლიკაცია იყენებს მონაცემთა შიფრაციას და დაშიფრულ კომუნიკაციას.


- „112"-ის აპლიკაცია ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის იქნება ხელმისაწვდომი?


- „112"-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android-ის და IOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.



- რა მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს მობილური ტელეფონი, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებელი აპლიკაციით სარგებლობას შეძლებს?


- მობილური ტელეფონი, ამ ეტაპზე, გათვლილია Android-ის (ვერსია 4.5 და ზევით) და IOS-ის (ვერსია 9 და ზევით) ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.


- აუცილებელია თუ არა აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებელს ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა?


- მობილური აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ Appstore-ის და Google Play Store-ის საშუალებით.

 

- აპლიკაციის მხოლოდ ონლაინვერსია იარსებებს თუ შესაძლებელი იქნება მისი მოწყობილობებში ჩამოტვირთვაც?


- აპლიკაციის გამოყენებისას, სასურველია, მომხმარებელს ჩართული ჰქონდეს ინტერნეტი. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ინტერნეტი გაეთიშება, აპლიკაცია მას „112"-ში ინფორმაციის SMS-ის საშუალებით გამოგზავნასაც სთავაზობს.

 

- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, აპლიკაციის დანერგვის შემდეგ, 112-ში შემოსული ცრუ განგაშის რაოდენობა გაიზარდოს?


- სწორი PR კამპანიის საშუალებით, შესაძლებელი იქნება, თავიდან ავირიდოთ ცრუ განგაში. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ყოველი ცრუ გამოძახება, კანონმდებლობის მიხედვით, დასჯადია.


წყარო: კიბერ კვირა

big_banner
არქივი