logo_geo
პედაგოგებისთვის გაგზავნილი სამი ბოთლი ღვინო და კალმისტარი - ნიკო ლეკიშვილის ღიმილიანი მოგონებები...
- +

23 დეკემბერი. 2016. 11:56


„პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგ ეზოში ვცხოვრობდი და შესანიშნავი მეზობლები მყავდა", - საუბრობს თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში.


ლეკიშვილი ღიმილიან და ძალიან საინტერესო მოგონებებს იხსენებს.

 

„საქართველო, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს და ამის შემდეგ, ჩემთვის თბილისია უმთავრესი. „თბილისობა" პირველად 1977 წელს ჩატარდა. მისი დაარსების იდეა ქალაქის მაშინდელ ხელმძღვანელს, თენგიზ მენთეშაშვილს ეკუთვნოდა. ცეკას მდივანმა - ედუარდ შევარდნაძემაც მხარი დაუჭირა ამ იდეას.

 

ძალიან მომწონს მასობრივი ღვინის დაწურვა, ფელამუშის ხარშვა, ყვავილების დღესასწაული. ყველა „თბილისობა" თავისებური იყო. არასდროს დამავიწყდება, როდესაც ილიკო სუხიშვილს და ნინო რამიშვილს „საპატიო თბილისელის" წოდება მიანიჭეს. ამ დროს, მოულოდნელად, ყოველგვარი დადგმის გარეშე, გაისმა დოლის ხმა და ჩამოუარეს. ეს იყო რაღაც სასწაული", - იხსენებს ნიკო ლეკიშვილი.

 

ნიკო ლეკიშვილი პლეხანოვზე დაიბადა და მასთან დაკავშირებულ მოგონებებსაც დიდი სიამოვნებითა და ხალისით იხსენებს. სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების თუ კინოთეატრებში სიარულის გარდა, „ბირჟაზე" დგომასაც ასწრებდა და რამდენჯერმე მილიციაშიც მოხვედრილა.


„პლეხანოვზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგ ეზოში ვცხოვრობდი და შესანიშნავი მეზობლები მყავდა. უბანში გვქონდა: აქეთ ღია კინოთეატრი, იქით - მეორე კინოდარბაზი, მარჯანიშვილის თეატრი, თენგიზ ჩანტლაძის თეატრი, ძველი ფილარმონია, კინოსტუდია „ქართული ფილმი"... ასეთ ატმოსფეროში ვიზრდებოდით.

 

„ბირჟაზეც" ვიდექით და ხანდახან ჩხუბიც იყო. მილიციაშიც მოვხვედრილვარ, მაგრამ რაც მთავარია, ჩვენს დროს არ იყო დანის და იარაღის ტრიალი. ჩხუბის მერე, ხვევნა-კოცნა და პურ-მარილი მიდიოდა.

 

სამუსიკო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული. სკოლის ღონისძიებებსა და ოლიმპიადებზე ვმღეროდი, პარალელურად კი წყალბურთს ვთამაშობდი. ჩემი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, „ქართული ხმების" მომღერლები. მართალია, ჩემზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა ქეიფსა და დროსტარებაში.

 

სულ მსახიობებისა და მუსიკოსების გვერდით ვტრიალებდი. ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ახალი ფილმი გამოდიოდა და აუცილებლად ვესწრებოდით, კინოთეატრში გოგონებსაც ვეპატიჟებოდით. ვიდრე ჩვენ არ მივიდოდით, სეანსი არ იწყებოდა, გველოდებოდნენ. „შესანიშნავი შვიდეული", „არაჩვეულებრივი გამოფენა", „უდიპლომო სასიძო", „ჭრიჭინა" - ამ ფილმების დიალოგები ზეპირად ვიცოდით.

 

მარჯანიშვილის თეატრის არც ერთი პრემიერა და სპეკტაკლი არ გამომიტოვებია. რუსთაველის თეატრის ყველა სპეკტაკლი ვნახე, „ჭინჭრაქა" კი 500-ჯერ მაინც მექნება ნანახი. „ხანუმაზე" აუცილებლად მივდიოდით. ოპერაში სეზონის გახსნაც არ გამოგვეპარებოდა.

 

ერთხელ, გოძიაშვილმა თავისი ხაბარდა ცხვირსახოცი მაჩუქა. გოფილექტის დირექტორი, არაჩვეულებრივი გუგული ყიფიანი სუხიშვილებს გასტროლებზე დაჰყვებოდა და გადასარევად იცვამდა. 14-15 წლისანი ვიყავით, როცა საჩუქრად კალმისტრები დაგვირიგა: ეს იყო „ქალი კუპალნიკით", რომ გადმოატრიალებდი, იხდიდა და აბა, მიდი, ყველას ვუჩვენებდით", - საუბრობს ინტერვიუში ლეკიშვილი.

 

„ერთი ჩვენი პლეხანოველი ძმაკაცი..." - ყვება სახალისო ისტორიას ნიკო ლეკიშვილი.

 

„სახალხო არტისტს, სტეპკო ჯაფარიძეს თავისი ჯგუფი ჰყავდა, ისინი „სკეტჩებს" თამაშობდნენ. ერთხელაც, ბიჭები ესწრებიან წარმოდგენას, სადაც სტეპკო რაღაც ტექსტის შემდეგ, ვაი, ვაის ამბობს. ამ სცენის დროც მოვიდა. სანამ მსახიობი ვაის იტყოდა, ბიჭებმა „ვაი, ვაი" - ქვევიდან დაიძახეს. ჩაიშალა ნომერი, გაგიჟდა კაცი. ესენი გაიყვანეთ აქედანო, - იძახდა.

 

ერთი ჩვენი პლეხანოველი ძმაკაცი სანკულტურის თეატრის მსახიობი იყო. ბიჭები თავის სპეკტაკლზე დაპატიჟა. ის გლეხს თამაშობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში, თავადი ჯოხით სცემდა. დაიწყო ეს სცენა და როდესაც დაარტყეს, ჩვენმა მეგობარმა თქვა ვაიმეო. ბიჭებმა კი დაუძახეს: „რას არტყმევინებ, ტო, პლეხანოველი არა ხარ?" ამის თქმა იყო, წაართვა ჯოხი და... სპეკტაკლი ჩაიშალა", - იხსენებს ის.

 

ერთ-ერთი სახალისო ეპიზოდი სკოლას უკავშირდება - სახინკლეში მასწავლების, სასწავლო ნაწილისა და სკოლის დირექტორისთვის გაგზავნილი სამი ბოთლი ღვინო, სკოლის მეორე დღე და თავჩაქინდრული მოსწავლეები.


„რკინიგზის სკოლაში ვსწავლობდი. მეათე კლასში ვარ და სამმა ბიჭმა გაკვეთილზევე გადავწყვიტეთ, სადმე წავსულიყავით. სახინკლეში წავედით, ორი ბოთლი ღვინო და ხინკალი შევუკვეთეთ. ჭამა როდესაც დავიწყეთ, ვხედავთ, ჩვენი სკოლის დირექტორი ალიოშა ცინცაძე, სასწავლო ნაწილი და მასწავლებელი შემოვიდნენ. დაგვინახეს, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ. წავიდნენ და კუთხეში დასხდნენ. ცუდ დღეში აღმოვჩნდით. გაქცევაზე ვართ. მიმტანს ვუთხრით, - იმათ ჩვენგან სამი ბოთლი ღვინო მიუტანეთო.

 

წამოსვლისას ჩუმად ვკითხეთ, ჩვენზე რამდენიაო? - იმ სამი ბოთლისაც გადაიხადეს და თქვენი სუფრისაცო. წამოვედით, მაგრამ მეორე დღეს ხომ უნდა მივიდეთ სკოლაში? ალიოშა დილის 8 საათიდან კართან იდგა. შევდივართ თავჩაქინდრულები და გვინდა, სწრაფად გავიაროთ. მოტრიალდა და ღიმილით მეუბნება: ლეკიშვილო, ოთხნი ვისხედით და თითო ბოთლის ღირსი აღარ ვიყავით, სამი რომ გამოგვიგზავნეო?" - იხსენებს ინტერვიუში ლეკიშვილი.

 

„მელანოს მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. ვიფიქრე, არ უნდა და ნუ უნდა-მეთქი, ამიტომ თავი აღარ შემიწუხებია", - ის ინტერვიუში პირადზეც საუბრობს.


„უმაღლესში როდესაც ვაბარებდი, მოდაში იყო „გეპეი" და სამედიცინო ინსტიტუტი. ატომური ელექტრო-სადგურების სპეციალობაზე ჩავირიცხე. ჩვეულებრივი ატმოსფერო იყო: ქეიფი და დროსტარება. ჩემი მეგობარი კიჭა არველაძე სამედიცინოზე სწავლობდა, სადაც თავისი მომავალი მეუღლე, თამრიკო გაიცნო. მეორე მეგობარმაც საცოლე სამედიცინო ინსტიტუტიდან შეარჩია. მეც ამ სიტუაციაში გავიცანი მელანო. ერთი სამეგობრო წრე გვყავდა, რომელსაც „საპო" დავარქვით. დაბადების დღეებსა და ზღვაზე ერთად მივდიოდით.

 

მელანოს მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნეოდა. ვიფიქრე, არ უნდა და ნუ უნდა-მეთქი, ამიტომ თავი აღარ შემიწუხებია. ერთხელაც, ჩვენი საერთო მეგობრის დაბადების დღიდან, ყველანი ღამის კლუბში წავედით და ჩვენი ამბავიც მაშინ გადაწყდა. ქორწილის მეორე დღეს მოსკოვში ჩავფრინდით და იქ ცოტა ხანს სასტუმროში გავჩერდით. მერე იყო ტალინი, შემდეგ კი, გაჩნდნენ შვილები: სოფო და სალომე", - აღნიშნავს ნიკო ლეკიშვილი.  

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი