logo_geo
თემურ ბაბლუანი: თენგიზ აბულაძემ გვითხრა, შეგიყვანთ შუა მდინარეში და მერე გადმოგყრითო!
- +

23 დეკემბერი. 2016. 17:47


 

 

 

 

„ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ახალ-ახალი ფილმი გამოდიოდა და ეს იყო ჩემი ცხოვრების სერიოზული ნაწილი", - ამბობს გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში რეჟისორი თემურ ბაბლუანი. მისი სახე საზოგადოებას, ალბათ, უფრო სატელევიზიო სპექტაკლ „კუკარაჩადან" ახსოვს, სადაც ის მურტალოს განასახიერებს. თავისივე სცენარით გადაიღო მხატვრული ფილმები: „ბეღურების გადაფრენა", „ძმა", „უძინართა მზე". ასევე, ავტორია რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა.  


„ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ეკრანი პირველად ვნახე. დედამ წამიყვანა. მაშინ დარბაზი არ იყო, ზეწარი გააკრეს, ყველა თავისი სკამით იყო მოსული, მერე მოიტანეს კინოაპარატი, რომელიც, მახსოვს, ძალიან რიხინებდა, ამ ეკრანზე გამოჩნდა ქუჩები, სახლები... რაღაც სასწაული ხდებოდა. ყველა გაოცებულები ვუყურებდით. ბავშვები გავიქეცით და უკანა მხრიდან ვაკვირდებოდით, საიდანაც ჩნდებოდა ეს ყველაფერი ეკრანზე.

 

აი, ეს იყო ჩემი პირველი შეხება კინოსთან. მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. ექვსი წლის ვიყავი. აქაც, ყველაზე საინტერესო რაც ხდებოდა, ხდებოდა ეკრანზე. სკოლაში არ მივდიოდით და მივდიოდით კინოში. თუ ძალიან კარგი ფილმი იყო, ორჯერ და სამჯერ ვუყურებდით.

 

ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს ახალ-ახალი ფილმი გამოდიოდა. საბჭოთა კავშირი წელიწადში 150 ფილმს თვითონ აწარმოებდა და 150-ს საზღვარგარეთ ყიდულობდა. ასე რომ, ძალიან ბევრი ფილმი ხვდებოდა საქართველოში. ეს იყო ჩემი ცხოვრების სერიოზული ნაწილი", - საუბრობს რეჟისორი.

 

ის ინტერვიუში იმ სიზმარს იხსენებს, რომელმაც იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლა გადააფიქრებინა.


„სხვადასხვა ინსტიტუტში ვსწავლობდი - იურიდიულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე. არც ერთი არ დამიმთავრებია. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მართლა ასეა. ჩვენ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, სახურავზე გვქონდა პატარა ოთახი-სხვენი, მთელი ქალაქი ჩანდა. იქ მეძინა. ერთ დღეს მამა დამესიზმრა. მითხრა: რა გინდოდა იურიდიულზე, შენ ვინ მოგცა უფლება, ადამიანების ბედს შეეხო და განაგოო. ეგ არ არის შენი საქმე, აგრონომიულზე მაინც ჩაგებარებინაო. თვალები რომ გავახილე, მეგონა, ახლახან აქ იყო. მესამე კურსზე ვიყავი მაშინ. ჰოდა, მორჩა, იმ დღიდან აღარ წავსულვარ. ხელი ჩავიქნიე. დედა ძალიან წუხდა და განიცდიდა, რომ სწავლას ვიწყებდი და მერე თავს ვანებებდი. მერე გაიხსნა თეატრალურში კინო-ფაკულტეტი და იქ ჩავაბარე.


რეზო ჩხეიძემ გადაიღო „ღიმილის ბიჭები" და იქ ამიყვანეს, პატარა როლი მომცეს. თუ რამე ვისწავლე, ვისწავლე იქ, მაგრამ შეხების საშუალება უკვე, როგორც ასეთი, რომ მეც გამეკეთებინა რაღაც, მომცა კინოფაკულტეტმა.

 

ჩემი პედაგოგი იყო თენგიზ აბულაძე. ძალიან საინტერესო და ღირსეული პიროვნება. მან თქვა: მე თქვენ რეჟისორობას ვერ გასწავლით. რეჟისორობას სწავლობენ ან ოც დღეში ან 300 წელიწადში. ჩემთან თქვენ შეიძლება ისწავლოთ უფრო ჯანმრთელი დამოკიდებულება კინოსადმი და ცხოვრების დანახვა. შეგიყვანთ შუა მდინარეში, მერე გადმოგყრითო", - იხსენებს ბაბლუანი.

 

„მთავარია, ადამიანი გიყვარდეს, მერე ყველაფერი სხვანაირად მიდის ცხოვრებაში", - ამბობს რეჟისორი და ინტერვიუში პირადზე საუბრობს.  


„თეატრალურში როდესაც ჩავაბარე, პირველ დღეს რაღაც ღონისძიება იყო. მესამე სართულზე იყო სააქტო დარბაზი. ვიჯექი. გამოაცხადეს, რომ ახლა ლექსს წაიკითხავს ესა და ეს. დავიღალე და გარეთ გამოვედი. სიგარეტს ვეწეოდი. უცებ, ისეთი მაგარი ტაში გავიგონე... მეთქი-ვინ იყო, რა წაიკითხა ასეთი. მერე გავიარ-გამოვიარე, დავინახე ვიღაც პატარა გოგო ზის და აჩქარებული სუნთქავს. ცუდად ხომ არ ხართ-მეთქი ვკითხე. არაო. მივხვდი, რომ ეს ის იყო, ლექსი რომ წაიკითხა. ასე გავიცანი. მთავარია, ადამიანი გიყვარდეს, მერე ყველაფერი სხვანაირად მიდის ცხოვრებაში.

 

საერთოდ, კაცი არის ისეთი, როგორი ცოლიც ჰყავს! როდესაც კაცს სახლში მისვლა გიხარია, მგონი, აღარაფერზე უნდა ილაპარაკო, ოღონდ შენი მისვლაც უნდა უხაროდეთ. მხარში ყოველთვის უდგას ცოლი ქმარს, ქმარი - ცოლს. ხელშეწყობა ის არის, როდესაც ქალმა თავისი საქმე იცის და თავისი საქმის, ოჯახის, იმ სიტუაციის ერთგულია. ესაა მთავარი. ასევეა კაციც", - აღნიშნა რეჟისორმა.

 

„ბალნეოლოგიური კურორტის ქვემოთ საზეინკო სახელოსნო იყო და იქ ვმუშაობდი მუშად ცხრა საათამდე", - დასძინა ინტერვიუში თემურ ბაბლუანმა და ის მძიმე წლები გაიხსენა, როდესაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს, პურის ფულისთვის საზეინკლო სახელოსნოში უწევდა მუშაობა. რეჟისოტრი აქვე საფრანგეთში ცხოვრების პირველ წლებსაც იხსენებს.


„ფინანსურად არასოდეს გვილხინდა. მამა ადრე გარდამეცვალა. პატარა და მყავდა, დედა ავადმყოფი ქალი იყო. იძულებული ვიყავი, მემუშავა. 53-ე სკოლაში ვსწავლობდი. დილას მივდიოდი სკოლაში, ორის ნახევარზე სკოლა მთავრდებოდა და სამ საათზე უკვე სამუშაოზე მივდიოდი.

 

ბალნეოლოგიური კურორტის ქვემოთ საზეინკლო სახელოსნო იყო და იქ ვმუშაობდი მუშად ცხრა საათამდე. ვცდილობდი, ჩემს დას ჰქონოდა კარგი ჩასაცმელი, ფეხსაცმელი. პირველი ხელფასი რომ ავიღე, ჩემს დას კაბა ვუყიდე, დედაჩემს - ფეხსაცმელები. ვიცოდი, რომ გაუხარდებოდათ და მეც მიხაროდა. 


არასდროს მქონია ბევრი ფული და სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ მქონდეს. საფრანგეთში პირველად მონტაჟებზე ვმუშაობდი. ანაზღაურება ბევრი არაფერი, მაგრამ ცხოვრების საშუალებას იძლეოდა. ამ ქვეყანაში ფული უფრო მეტია, ვიდრე კარგი იდეა. იდეა როცა გაქვს, მაშინ მისი რეალიზების მეტი გარანტიაც გაქვს", - განაცხადა ინტერვიუში რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი