logo_geo
ლევან ვასაძე: NATO-ს საქართველოსგან ძირითადად სჭირდება იაფი „საზარბაზნე ხორცი“
- +

24 დეკემბერი. 2016. 11:00



ბიზნესმენი ლევან ვასაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ NATO-ს საქართველოსგან რეალურად „საზარბაზნე ხორცი" სჭირდება, რომელსაც თავის კონფლიქტებში სურვილისამებრ იყენებს. მისივე თქმით, სამხედროებს, რომლებიც ერაყსა და ავღანეთში NATO-ს სამხედრო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, საქართველო უხდის ხელფასს.


„NATO-ს საქართველოსგან ძირითადად სჭირდება იაფი „საზარბაზნე ხორცი", რომელსაც ის ჩვენი გამყიდველი პოლიტიკური პარტიების მეშვეობით თავის კონფლიქტებში სურვილისამებრ იყენებს. ჩვენს ქვეყანაში ცოტამ თუ იცის ის მიზერული ხელფასებიც კი, რომლებსაც ჩვენი მამაცი სამხედროები NATO-ს ოპერაციებში ერაყში, ავღანეთსა და სხვაგან ღებულობენ, ფინანსდება არა NATO-ს მიერ, არამედ ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან. ჩვენს ლომგულ სამხედროებს, რომლებიც ქვეყნის სიღარიბის გამო თანხმდებიან უცხო, უსამართლო ომებში მონაწილეობას, არავინ სთავაზობს სიცოცხლის დაზღვევის, დამატებითი შეღავათების, განათლების დაფინანსების, საცხოვრებელი ხარჯებისა და დასვენების ისეთივე პირობებს, რომლებსაც ღებულობენ იმავე ოპერაციებში მონაწილე ამერიკელი, ბრიტანელი და ევროპელი ჯარისკაცები.

 

დიახ, ჩვენი სამხედროების სიიაფის, უბადლო სიმამაცისა და თავდადების მიუხედავად, NATO-სა და დასავლეთის ქვეყნებს მაინც ენანებათ მათთვის მიზერული ჯამაგირის გადახდა, რომელსაც ისინი იმსახურებენ და NATO ამ ხარჯებსაც კი ამ ჩვენს ღატაკ ქვეყანას ახდევინებს. ამრიგად, ყველაფერს რომ თავისი სახელი ვუწოდოთ, დასავლეთი, როგორც ჩვენი მეორე ოკუპანტი, საქართველოსგან ყოველწლიურად მოითხოვს და ღებულობს სისხლისა და ფულის ხარკს!", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი